_ ეს საქმე არის თეთრი ძაფით შეკერილი.ასეთი შეფასება გააკეთა ფონიჭალაში სასტიკად მოკლული დედა-შვილის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილის ადვოკატმა, თამაზ კვახაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 დღეა, გიორგი ხაბელაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
როგორც თამაზ კვახაძე ამბობს, მოწმეები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ.
_ ორი ე.წ.მთავარი მოწმის,ოთარ და იუზა მამფორიას ჩვენებები მოვისმინეთ,რომლებიც ფაქტების დამახინჯებას ცდილობენ. ისინი პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არიან, _ აღნიშნა ადვოკატმა კვახაძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ მამფორიას ბიძაშვილი,იუზა მამფორია და ოთარის მეზობლები დაიკითხნენ.
იუზა მამფორიას თქმით, გიორგი ხაბელაშვილის ბრალეულობაზე მათ ოთარ მამფორიას ძმამ, გელა მამფორიამ მიაწოდა ინფორმაცია.
_სუფრასთან ვისხედით,როცა გელამ თქვა, ზაზა ლურსმანაშვილმა მითხრა, მაგის გაკეთებული იქნებაო, მაგრამ იმ დღეს არ დავუჯერეთ, რადგან ნასვამი იყო, რამდენიმე დღეში, როცა გელა მეუღლესთან ერთად მოვიდა და ეს ამბავი დაადასტურა,მერე დავიჯერეთ< _ აღნიშნა პროცესზე იუზა მამფორიამ.
პირველ პროცესზე ბრალდებულმა ხაბელაშვილმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა,
მისი თქმით აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა.
_როცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თავზე იარაღს დაგადებს, აღიარეო, აღიარებ, _ განაცხადა მაშინ ხაბელაშვილმა.
მისი უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულმა მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ტელევიზორიდან ამოიცნო. მისივე თქმით, მინისტრის მოადგილე წამებაში უშუალოდ მონაწილეობდა.
ხაბელაშვილის ამბობს, რომ მას წამების მიზნით თავზე ცელოფანს აცვამდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
შემდეგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11 საათზეა ჩანიშნული.
ეკა ლემონჯავა

