ლალი აფციაური: “სტრასბურმა გადაწყვეტილება ნაციონალების ჩარევის შედეგად მიიღო”

ლალი აფციაური: "სტრასბურმა გადაწყვეტილება ნაციონალების ჩარევის შედეგად მიიღო"მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურმა შეჩერების ღონისძიება უვადოდ გააგრძელა, რუსთავი 2-ის დასაცავად გამართული აქციები აქტუალურობას არ კარგავს.
სტრასბურის გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებს ადვოკატი, უფლებადამცველი ლალი აფციაური, რომელიც `ახალი თაობის~ კითხვებს პასუხობს.
_ ქალბატონო ლალი, თქვენ არაერთხელ გქონიათ შეხება სტრასბურის სასამართლოსთან. როგორია თქვენი შეფასებები?
_ სტრასბურის გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს. მან დროებით შეაჩერა აღსრულება, რომ არხი გადაცემოდა ქიბარ ხალვაშს. ეს 39-ე მუხლია. ამ მუხლს ჩვენ წლების განმავლობაში ვიყენებდით. საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურმა.
_ რა თვალსაზრისით?
_ მე არ მგონია, რომ ეს გარკვეული დაინტერესებიდან გამომდინარე არ იყოს. 39-ე მუხლს, ჩვენ ძირითადად ვიყენებდით ექსტრადიციის პირობებში. როდესაც ამა თუ იმ პირის ექსტრადიცია ხდებოდა, მაგალითად, რუსეთის ფედერაციიდან, იგივე პოლიტდევნილების და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. პირადად მე ასეთი წერილები არაერთი მაქვს სტრასბურში გაგზავნილი, სადაც ვითხოვდით ექსტადიციის შეჩერებას.
_ აჩერებდნენ?
_ არ მახსოვს, რომ რომელიმე ექსტრადიცია ყოფილიყო შეჩერებული. არ ყოფილა ესეთი ფაქტი! ესე უცებ რომ გადაწყდა რუსთავი 2-ის საკითხი, მე გაოცებას ვერ ვმალავ. არც იქ არის ყველაფერი ისე დალაგებული, როგორც ჩვენ გვგონია.
_ რას გულისხმობთ?
_ ერთ-ერთი საქმის განხილვის შემდეგ სტრასბურის ერთ მოსამართლეს მივადექი გადაწყვეტილებით ხელში და ვუთხარი, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არის, რაღაც ინტერესი დევს, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა გამოსულიყო-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? სწორი ეჭვი გაქვთო. იქაც ხდება ასეთი რაღაცეები.
_ მიუკერძოებელი არ იყო ეს პროცესი?
_ ნამდვილად ვერ არის მიუკერძოებელი. გავიხსენოთ, დღეს ვინ არის სტრასბურში საქართველოს წარმომადგენელი, ქალბატონი წოწორია, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე! აქედან გაგზავნილი მასალები პირველ რიგში საქართველოს სექციაში განიხილება, იქ ითარგმნება და შემდეგ იქედან მიეწოდება. გარდა მაგისა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ იყოს ინტერესი.
_ რა სახის ინტერესი?
_ მოდით, დღეს არ დავაკონკრეტებ, გარკვეული დაინტერესებიდან გამომდინარე არის ეს გადაწყვეტილება გამოტანილი! თავისუფალი ტელევიზიის მოწინააღმდეგე არავინაა. უბრალოდ ის არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის ტელევიზია. იმაზე არავინ დაობს, რომ თავისუფალი სიტყვა აუცილებელია. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ რუსთავი 2 ასოცირდება ნაცმოძრაობასთან. ყველა მათი სახე დღეს იქ ზის.
_ ხალხის ტელევიზიააო.
_ ვერ იქნება ხალხის ტელევიზია! ნუ ლაპარაკობენ ხალხის სახელით. ხალხი მარტო ის არ არის, ვინც შაბათს რუსთაველზე შეიკრიბა. ეს რაოდენობა მთელი ხალხის სახელით ნუ ილაპარაკებს, რადგან ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ!
_ წოწორიაზე საუბრობდით და რატომ ვერ მოხდა მისი გამოწვევა, თუკი ის ნაციონალების დაკვეთებს ასრულებს სტრასბურში?
_ მოგეხსენებათ, რომ მას უნდა ჩაენაცვლოს წარმომადგენელი საქართველოდან. ეს საკითხი განიხილებოდა და ვიცით, რომ კანდიდატურები დაიწუნეს. შესაბამისად, დარჩა ქალბატონი წოწორია იმ დრომდე, ვიდრე არ ჩაენაცვლება საქართველოს წარმომადგენელი. დღეს კი სტრასბურში ადეიშვილის პირველი მოადგილე ზის.
_ რამდენად შეილახა ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლების იმიჯი?
_ აქ რა შუაშია ხელისუფლების იმიჯი?!
_ საქართველო რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ასე დაერქვა ამ საქმეს და ხელისუფლება დამარცხდაო, გვესმის შეფასებები.
_ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ყველა საქმეს ასე არქმევენ, აფციაური საქართველოს წინააღმდეგ. ქიბროწაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ეს ზოგადი ფორმულირებაა. ამ ფორმას თავად აწესებენ. ნებისმიერ საქმეს ასე აწერია. აქვე ერთ ამბავსაც გეტყვით, მათ შორის 39-ე მუხლი გამოიყენება მძიმე ავადმყოფებზე. გახსოვთ ის 9 წლიანი პერიოდი. ვადაზე ადრე გათავისუფლებები არ ხდებოდა ციხეებიდან, უმძიმეს ავადმყოფებზე ვაგზავნიდი მოთხოვნას, სულს რომ ღაფავდნენ და ოთხი ფიცარი რომ სჭირდებოდათ.
_ თუ მიგიღიათ დადებითი გადაწყვეტილება?
_ ვაგზავნიდი და არც ერთი დადებითი გადაწყვეტილება არ ყოფილა! იმდენი განაცხადი, რაც მაშინ საქართველოდან იგზავნებოდა, არცერთი ქვეყნიდან არ ყოფილა.
_ ასეთი რა ფორმულირებით გაიგზავნა რუსთავი 2-ის საქმე, რომ ასე საგანგაშოდ ჩათვალეს?
_ რაც მე მოვისმინე, იქნება სისხლისღვრა, ხალხი დაიხოცება, მეორედ მოსვლა მოხდებაო. მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. იქ მოხდა კონკრეტული ჩარევა! ამის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ეს სულაც არ მიკვირს, მე ძალიან კარგად მახსოვს დარჩიაშვილის მიერ ერთი წლის უკან გაკეთებული განცხადება: თქვენ ევროპა რა გგონიათ, ცოტა ფული დახარჯეთ და ყველაფერიც გამოგივათო. მისი ეს სიტყვები ჩემს ფეისბუქ გვერდზეც კი მაქვს გაზიარებული.
_ ანუ ნაციონალების აქტიური ჩარევა მოხდა?
_ დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ჩარევა მოხდა და სწორედ მათი მხრიდან. ნაციონალებმა ევროპელ მაღალ ჩინოვნიკებსაც არაერთი პროვოკაცია მოუწყვეს, მათ ძალიან სერიოზული თანხები აქვთ დახარჯული. ნუ გგონიათ ევროპა აბსოლიტურად სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული! ქრთამსაც იღებენ და იქაც ყველაფერი მოსულა! პარიზში ქართველების ერთ-ერთ პროცესზე გამოვდიოდი და იქაურმა ადვოკატმა რაღაც საკითხი არ დააყენა, როდესაც ვკითხე ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? მოსამართლეს ვერ გავაბრაზებდიო. ამ ფაქტს გიორგი ფოფხაძეც შეესწრო. ძლივს გამაგდებინა ის ადვოკატი ხელიდან.
_ რუსთავი 2-ის აქციაზე იმ მოსამართლეების გადადგომაც მოითხოვეს, ვისაც შეხება ჰქონდა რუსთავი 2-ის საქმესთან. სირცხვილია, ასეთი მოსამართლეები რომ გვყავსო. რამდენად სამართლიანია ეს მოთხოვნა?
_ რატომაა სირცხვილი? ჯერ ხომ სტრასბურს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. სირცხვილზე და ნამუსზე ილაპარაკონ მას შემდეგ, არსებითი განხილვა რომ მოხდება და სტრასბურის სასამართლო რომ იტყვის, რომ დაირღვა ესა და ეს მუხლი ევროპული კონვენციის და ჩვენს სასამართლოს რომ მიუთითებს, რომ კეთილი ინებეთ და ეს გამოასწორეთ.
_ მხოლოდ მითითება შეუძლია?
_ დიახ. სტრასბური ვერ შეცვლის ვერანაირ გადაწყვეტილებას! ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით. უბრალოდ ხელისუფლებას მიუთითებს, რომ გამოასწოროს რომელიმე დარღვეული მუხლი, თუკი ასეთი იქნება. რა შუაშია აქ გადადექი? ჯერ მიიღო სტრასბურმა გადაწყვეტილება?!
_ დროში ხომ არ გაიწელება ეს ყველაფერი?
_ უზენაესიდან სტრასბურამდე რომ წახვიდე, ექვსთვიანი ვადაა. ექვს თვეში უნდა შეიტანო საჩივარი, ნახავთ, თუ ბოლო დღეს არ შეიტანენ, იმიტომ, რომ დრო მოიგონ! იმ ექვს თვესაც მოიგებენ. მერე ილაპარაკონ მოსამართლეებზე, გადადექიო.
მოსამართლეებზე მე ჩემი წარმოდგენა მაქვს. მათ ის ცოდვებიც ეყოფათ, რაც აქვთ. თუმცა მოვლენებს ნუ უსწრებენ და ხალხზე ნუ თამაშობენ. აღსრულების შეჩერებაზე მოსამართლეებს გადადგომას რატომ სთხოვენ?! ან ვინ ლაპარაკობს დღეს მოსამართლეებზე, სიტყვის თავისუფლებაზე, გვარამია, რომელიც მთავარი პროკურორი იყო! ყველას კარგად გვახსოვს, თვითონ როგორი სიტყვის თავისუფლება ჰქონდათ!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა