ლევან კალანდაძე: ,,გადასახადების შემცირებაში ცუდი არაფერია”

ლევან კალანდაძე: ,,გადასახადების შემცირებაში ცუდი არაფერია”ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, გადასახადების შემცირებაში ცუდი არაფერია, თუმცა ეს პირდაპირ იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას.
ასე გამოეხმაურა ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ლევან კალანდაძე ,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას.
როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ყოველთვის უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი, ეკონომიკური აქცენტები და ეკონომიკური პოლიტიკა მცირე და საშუალო ბიზნესზე უნდა იყოს მიმართული.
_ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომლის გაძლიერება, წახალისება, მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის უზრუნველსაყოფად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ასევე ეს არის საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიების სისტემა შეიქმნას, _ განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, თავისთავად გადასახადების შემცირებაში ცუდი არაფერია. გადასახადების შემცირება ასტიმულირებს ეკონომიკურ აქტივობას, ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ,,მაგრამ სახელმწიფოებრივად აზროვნება და სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტის გაძლიერებას არ ნიშნავს”.
_ როცა გადასახადების შემცირებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ეს არა მხოლოდ ბიზნესის ჭრილში, არამედ ე.წ. საჯარო ფინანსების, ანუ სახელმწიფო ფინანსების ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
გადასახადების შემცირება პირდაპირ იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას. საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება სამომავლოდ დაკავშირებული იქნება ძალიან ბევრ რისკთან, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის თავად სახელმწიფოს.
მოკლევადიან პერიოდში გადასახადების შემცირებით ჩვენ მნიშვნელოვნად შეიძლება შეგვიმცირდეს ის პროექტები, რომლებიც სახელმწიფო პროექტების სახით ბიუჯეტიდან ხორციელდება.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ გადასახადების შემცირებაზე, ეს ასე ცალკე ჩაკეტილ სისტემაში ამოგდებულად არასდროს არ უნდა განვიხილოთ, უნდა ვისაუბროთ, თუ რა გავლენები ექნება ამას ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე, _ განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, ეკონომიკური სახელმწიფოებრივი ხედვა არ ნიშნავს მარტო გადასახადების შემცირებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი მიდგომა გადასახადების ოპტიმიზაციაა და და არა მხოლოდ შემცირება.
_ ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს კონსულტაციები ამ ჯგუფთან კონკრეტულად ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თავად ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოზე ორიენტირებული პოლიტიკის, გრძელვადიან პერსპექტივაში მოქნილი საგადასახადო რეჟიმის ჩამოყალიბება და, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა და ოპოზიცია რაღაც შეხების წერტილებს იპოვიან ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, კარგი იქნება, _ განაცხადა კალანდაძემ.