რუსული მედიის ინფორმაციით, ნავთობკომპანია ,,ლუკოილი” წლის ბოლომდე ბენზინგასამართი სადგურების 30%–ის გასხვისებას გეგმავს. ამის მიზეზად კომპანიაში არახელსაყრელ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.
კომპანია გეგმავს სადგურების გაყიდვას ყველაზე ნაკლებად რენტაბელურ რეგიონებში, მათ შორის, ბრიანსკში, ორლოვსკში, ცენტრალურ რუსეთსა და მოსკოვის ოლქშიც.
კომპანიის ხელმძღვანელმა, ვაგიტ ალეკპეროვმა, განაცხადა, რომ კომპანია ვერ ასწრებს რუსეთის ხელისუფლების მიერ ბენზინზე აქციზების ზრდის კომპენსირებას. მისი თქმით, „კომპანია კარგად აცნობიერებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას, ამიტომ მოსახლეობაზე გაზრდილი აქციზების ტვირთი არ გადააქვს”, – წერს საინფორმაციო სააგენტო „ტასი”.
თუმცა, ალეკპეროვი აღნიშნავს, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია, რათა „საგადასახადო წნეხის კომპენსირება შეძლონ, არ შეამცირონ წარმოება და არ შექმნან საწვავის ბაზარზე დეფიციტი.”
„კომერსანტ.რუს” ინფორმაციით, კომპანიის რენტაბელობა მკვეთრად შემცირდა. ცალკეულ ოლქებში 2016 წელს საშუალო მარჟა ავტოგასამართ სადგურებში 1 ტონა რეალიზებულ საწვავზე 2 ათასი რუბლი იყო, 2017 წლის პირველ კვარტალში კი გადასახადების შედეგად 25-ჯერ, 8 რუბლამდე, დაეცა.
„ლუკოილში” აცხადებენ, რომ არ აპირებენ ავტოგასამართი სადგურები დისკონტურ ფასად გაყიდონ და გრძელვადიანი ინვესტორების მოძიებას ცდილობენ.
_ თუ „ლუკოილი” ვერ იპოვის რუს მყიდველებს, შეიძლება მოიძიოს ჩინელი, ან ახლოაღმოსავლელი ინვესტორები, – განაცხადეს კომპანიაში.
„ლუკოილი” 5.556 ავტოგასამართ სადგურს ფლობს, აქედან რუსეთში – 2.544-ს.
,,ლუკოილის” სავაჭრო ნიშნით საქართველოში 65 ბენზინგასამართ სადგური ფუნქციონირებს.
,,კომერსანტი” დაინტერესდა, ხომ არ გეგმავს კომპანია ბენზინგასამართი სადგურების გაყიდვას საქართველოშიც. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, ,,საქართველოში მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა და არც განიხიება”.
კომერსანტი

