მაია დათუნაშვილის უნგრული გულიაში და 5 წუთიანი ჩებურეკები

მაია დათუნაშვილის უნგრული გულიაში და 5 წუთიანი ჩებურეკებიმუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა ჟურნალ “სარკეს” გაუმხილა, რომ სადილის ღამით კეთება უყვარს, მაშინ, როცა ყველას სძინავს და მის კულინარიულ ექსპერიმენტებში არავინ ერევა.

განსაკუთრებულად უყვარს ხორცი ფრანგულად.
_ აიღეთ საქონლის ან ღორის ხორცი, ოღონდ ცხიმიანი არ უნდა იყოს. დაჭერით დიდნაჭრებად, კარგად დაბეგვეთ, დააწყეთ ლანგარზე, მოაყარეთ მრგვალად დაჭრილი 4 თავი ხახვი. ხორცი ხახვით კარგად უნდა დაიფაროს. შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი.
ჰოლანდიური ყველით კეთდება, მაგრამ სულგუნიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემდეგ ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა დაფაროთ მაიონეზით, გემოვნებით უქენით მარილი, შავი პილპილი და შედგით ღუმელში. დაახლოებით 45 წუთში მზად იქნება, _ უთხრა “სარკეს” ქალბატონმა მაიამ და ჟურნალის მკითხველებს უნგრული გულიაშიც ასწავლა.
_ გულიაშის მომზადება არის ხელოვნება. ეს არის არაჩვეულებრივი ცხელი კერძი, ნახევრად წვნიანი, ძალიან გემრიელი და ამავე დროს სასარგებლოც. ნამდვილი უნგრული გულიაში პირველად გერმანიაში, ერთ-ერთ სასტუმროში გავსინჯე. მას შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ვეძებდი ამ გემოს, მაგრამ ვიპოვე თბილისში, _ გვითხრა მაია დათუნაშვილმა.

გულიაშის რეცეპტი კი ასეთია:

აიღეთ 1 კილო საქონლის ან ღორის ხორცი. ცხიმი ააჭერით, ძალიან წვრილად დაჭერით და ქვაბში ჩაყარეთ. ცხიმი უნდა გადნეს. დაჭრით 2-3 თავ ხახვს და ცხიმში მოშუშავთ. შემდეგ დააყრით კუბიკებად დაჭრილ ხორცს და მოშუშავთ ძალიან მაღალ ცეცხლზე. აუცილებლად უნდა დააყაროთ პაპრიკა (დაფქული წითელი ბულგარული წიწაკა) დაახლოებით 2 სადილის კოვზი.
1 ცალი სტაფილო მრგვალად დაჭერით, 2 ცალი კარტოფილი _ კუბიკებად. ხორცს ძალიან ცოტა წყალი უნდა დაასხათ, ისე, რომ კარგად მოიხარშოს. მერე სტაფილოს და კარტოფილს ჩაყრით, ბოლოს უზამთ 4-5 კბილ ნიორს და მარილს გემოვნებით.

ხარშვისას შეგიძლიათ დაუმატოთ სპირალის ფორმის რამდენიმე ცალი მაკარონი და დაფნის ფოთოლი. მე მაკარონის გარეშე ვაკეთებ.
უცხოეთში ეს კერძი ქოთნებით მოაქვთ და თქვენც შეგიძლიათ ქოთანში მოამზადოთ.

მუსიკათმცოდნემ მარტივად მოსამზადებელი ჩებურეკების რეცეპტიც გაამხილა.
_ ნახევარი კილო საქონლის ფარში შეაზავეთ სტანდარტულად _ მარილით, ნივრით, ხახვით, პილპილით. იყიდეთ ერთი შეკვრა სომხური ლავაში და დაჭერით გრძელ ნაჭრებად. მათში ჩადეთ ფარში, გადაახვიეთ ისე, რომ პატარა კონვერტის ფორმა მიიღოთ. ტაფაზე ბლომად ზეთი დაასხით და შეწვით. ჩებურეკებივით გამოდის და ძალიან გემრიელია.
შეგიძლიათ ქათმის ფილეთიც მოამზადოთ. ტაფაზე გადააბრუნ-გადმოაბრუნეთ და 5 წუთში მზადაა. მშვენიერი ხრაშუნა ჩებურეკები კეთდება.
ჟურნალი ”სარკე”, ლანა კიკნაძე