მარტვილში მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს

მარტვილში მკვლელობისთვის 2 პირი დააკავესმარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში მომხდარი ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს _ 1976 წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ერთ-ერთი ქალი, მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ „აბრეზი“, ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.