მეუფე პეტრე გიორგი ანდრიაძის წინააღმდეგ

მეუფე პეტრე გიორგი ანდრიაძის წინააღმდეგ_ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ტელევიზიის დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ეკლესიისთვის და დიდი შეცდომა.

ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ყოფილმა დირექტორმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელევიზიის დირექტორის პოსტზე გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
_ მე უწმინდესს შევეკითხე და მან ვერ გამცა პასუხი. შესაბამისად, ველოდები, როდის შემატყობინებენ, ვინ მოვა და გადავაბარო სამუშო. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არც ვკითხულობ. არ მაინტერესებს _ განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ თავად ჰქონდა სურვილი, რომ ეპარქიისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო და უწმინდესს ტელევიზიიდან გაეთავისუფლებინა, მაგრამ მაშინ პატრიარქმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ დღეს ჩათვალა საჭიროდ.

_ ვმადლობ ღმერთს, მიმაჩნია ეპარქიას უფრო მეტად ვჭირდები. უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ, _ აღნიშნა მეუფე პეტრემ .
გიორგი ანდრიაძე ამჟამად საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იგი წლების წინ საპატრიარქოს ტელევიზიის დამფუძნებელი და დირექტორიც იყო.