მთავრობამ მესტიაში, ჭუბერში 97,5 ჰექტარი მიწა 1 აშშ დოლარად გაასხვისა

 

მთავრობამ მესტიაში, ჭუბერში 97,5 ჰექტარი მიწა 1 აშშ დოლარად გაასხვისასაქართველოს მთავრობამ, 14 მარტის დადგენილებით, სს ,,ნენსკრა ჰიდროს” სოფელ ჭუბერში 97,5 ჰექტარის მიწის ფართობი  პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ აშშ დოლარად საკუთრებაში გადასცა.

_ პრემიერის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, აღნიშნული ქონება საპრივატიზაციო პირობაა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა “ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება, – წერს „ნეტგაზეთი“.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჰესის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის მშენებლობას საბანკო სესხის ნაწილში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, „აზიის განვითარების ბანკი” და კორეის „ექსიმ ბანკი” მონაწილეობენ. ჰესის გამომუშავება წელიწადში 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

ჰესის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 2016 წლის ივლისშიც  გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი 4-პუნქტიანი მოთხოვნათა წერილი შეიმუშავეს. ისინი განსაკუთრებით ნენსკრაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ სურთ, რომ შეწყდეს პროექტის დაფინანსების განხილვა, სანამ:

არ შეიქმნება ალტერნატიული პროექტი, რომელიც არ გულისხმობს ხეობის დატბორვას;

არ იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა სარგებელს მოუტანს პროექტი თემს და რამდენად საპირწონეა ეს სარგებელი იმ ზიანის, რაც მიადგება ქვეყანას;

არ მოხდება გეოლოგიური საფრთხეების შესწავლა და თემისათვის წარდგენა

არ მოხდება პროექტის საჯარო განხილვა, სადაც ჩართული იქნებიან, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.