_ დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს.
ასე აფასებს ”ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი.
მისი თქმით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.
_ ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ვერავის ექნებოდა. როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. აუცილებლად გავასაჩივრებთ.
მგონია, რომ დიდი შეცდომა მოხდა. ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულები უფრო დაზარალდნენ, ვინაიდან „ცენტრ პოინტში“ საქმის გამკეთებლები აღარ დარჩნენ, _ განაცხადა დარასელმა.
როგორც კერვალიშვილის შვილმა აღნიშნა, არ ახსენდება პრეცედენტი, რომ საქართველოში რომელიმე ოჯახი ასე გაენადგურებინოთ.
_ ოთხი წლის წინ ითხოვდნენ დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას, იმის ნაცვლად, რომ მას დაესრულებინა ის ობიექტები, რომლებიც დღეს დაყადაღებულია და დაუსრულებელია. მე არ მესმის, რა მიიღო ამით სახელმწიფომ, რა მიიღეს დაზარალებულებმა.
მე მგონი უფრო დაზარალდნენ, რადგან დედაჩემი ციხეშია, მაია ციხეშია, გუკაც ციხეშია, ვახო კი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული. პრაქტიკულად, საქმის გამკეთებელი აღარავინ დარჩა. მე არ მჯერა, ამ გადაწყვეტილების პატრონებს რაიმე კეთილი სურვილები აქვთ იმისა, რომ პრობლემა მოგვარდეს, _ განაცხადა ნინო დარასელმა და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზედმგომ ინსტანციაში აუცილებლად გასაჩივრდება.

