ონლაინ სესხების კომპანიებმა თანამშრომლები დაითხოვეს

ონლაინ სესხების  კომპანიებმა თანამშრომლები დაითხოვესონლაინ სესხებზე დაწესებულმა რეგულაციებმა ონლაინ სესხების გამცემ ორგანიზაციებში თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. როგორც „კომერსანტთან” საუბრისას კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ,  ბაზარზე რთული ვითარებაა და ოპერირებას შედარებით შემცირებული კადრებით და კრედიტებით  აგრძელებენ.

ონლაინ სესხების კომპანია ,,ონლაინ კრედიტის” გენერალური დირექტორი გიორგი კობიაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების შემდეგ „ონლაინ კრედიტი” მიკროსაფინანსო ორგანიზაციად არ გარდაქმნილა და შპს-ს ფორმით აგრძელებს საქმიანობას.

მისი თქმით, გარდა 100 პროცენტიანი ეფექტური წლიური განაკვეთისა, მთავრობამ მიმდინარე წლიდან კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც ყოველთვიურად, გაცემული სესხების ოდენობის 15 პროცენტის ავანსად გადახდაში გამოიხატება. ამას კი ბიუჯეტი სესხის უკან დაბრუნების შემთხვევაში გიბრუნებს. აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს.
როგორც კობიაშვილი აცხადებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ყოფნა ბევრად უფრო მომგებიანია, რადგან მიკროსაფინანსოსგან განსხვავებით მოგების გადასახადს არ იხდიან. როგორც კობიაშვილი განმარტავს,ამ ფორმით ოპერირებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, რაც ონლაინ სეხების კომპანიების უმრავლესობას არ აქვს.
როგორც კობიაშვილი განმარტავს, რეგულაციების დაწესების შემდეგ მუშაობას თანამშრომლების განახევრებული რაოდენობით აგრძელებს. გარდა ამისა, რისკიდან გამომდინარე სესხი შედარებით მცირე რაოდენობით გაიცემა.
თანამშრომლების გათავისუფლებაზე საუბრობს საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძეც. მისი ინფორმაციით,ძალიან ბევრი ონლაინ სესხების კომპანია ცუდ მდგომარეობაშია. მათ შორის, ზოგმა შეწყვიტა ოპერირება, ზოგი გაკოტრებაზე მიდის.

_ ერთ-ერთმა მსხვილმა ონლაინ სესხების კომპანიამ თანამშრომლები 50%-ით შეამცირა. მიზეზი გაზრდილი ხარჯები იყო. ფიზიკურად ვერ მუშაობენ, რადგან ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ. ვინც მსხვილია და არსებული პორტფელის მეშვეობით ცდილობს გადარჩენას, ისენი ჯერჯერობით არიან და ოპერირებენ, თუმცა, საკმაოდ დიდი შეზღუდვებით და პრობლემებით, _ აცხადებს კიკვიძე.
მისი განმარტებით,ახლა ადაპტაციის პერიოდია, მიდის ბაზარზე გადალაგების პროცესი და უახლოეს რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება, ვინ გადარჩება და ვინ როგორ გააგრძელებს ოპერირებას.

როგორც ცნობილია, ხელისუფლების მიერ ონლაინ სესხებზე დაწესებული რეგულაციების შემდეგ, მათი ნაწილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 73 ერთეულს შეადგენდა. 2017 წლის თებერვლის მონაცემებით კი მათი რიცხვი 82-მდე გაიზარდა.

საქართველოში ონლაინ-სესხების გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2016 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა. რეგულაციები ძალაში 2017 წლის 16 იანვრიდან შევიდა.
აღნიშნული ცვლილებით, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს.
გარდა 100 პროცენტიანი ეფექტური წლიური განაკვეთისა, მთავრობამ მიმდინარე წლიდან კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც ყოველთვიურად, გაცემული სესხების ოდენობის 15 პროცენტის ავანსად გადახდაში გამოიხატება. ამას კი ბიუჯეტი სესხის უკან დაბრუნების შემთხვევაში აბრუნებს. აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს.

კომერსანტ.გე