ოთარ კახიძე: „საქართველოში „მინი სტრასბურის“ შექმნაზე ლაპარაკი არასერიოზულია“

ოთარ კახიძე: „საქართველოში „მინი სტრასბურის“ შექმნაზე ლაპარაკი არასერიოზულია“_ სტასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოში ვერავინ გადმოიტანს – ეს არის აბსურდული.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა.
კახიძის თქმით, შესაძლებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების გაფართოებაზე მსჯელობა, თუმცა მისივე შეფასებით, „აღნიშნული სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებით პარალიზებულია“.
_ აღნიშნული ინიციატივის შესახებ პირველად ნინო გვენეტაძისგან და შემდეგ მერაბ ტურავასგან მოვისმინე, მათ ჰქონდათ განზრახული „მინი სტასბურის“ შექმნა.
ამის შემდეგ ვნახეთ ნინო გვენეტაძის და მერაბ ტურავას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დიდმა სტრასბურმა პრაქტიკულად შეაჩერა.
ამიტომ „მინი სტრასბურზე“ ლაპარაკი არასერიოზულია, რადგან როგორი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმებითაც არ უნდა შეიქმნას საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, რომელიც განიხილავს სხვადასხვა გადაწყეტილებების ევროკონვენციასთან შესაბამისობას, _ განაცხადა კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭებას, გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა _ საუბარია ე.წ. ადგილობრივი სტრასბურის მოდელის ამოქმედებაზე.
ინტერპრესნიუსი