ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ მთავრობამ დანაპირები უნდა შეასრულოს და სამინისტროები შეამციროს.
_ საჭიროა ამდენი სამინისტრო? მე ვთვლი, რომ არ არის საჭირო. უნდა დაითვალოს მათი შენახვისთვის საჭირო თანხები, არსებული უძრავი ქონება, რომელიც არის ამისთვის გამოყენებული, ხარჯები, რომელიც ამაზეა გაწეული და ის პოტენცია, რაც შეიძლება იყოს ამ ალტერნატივის შემთხვევაში. მთავრობა არ ფიქრობს სამინისტროების შემცირებაზე. არადა, იყო ამის დაპირებები, _ აცხადებს პაატა შეშელიძე.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა დაანონსა.
_ ეს არ არის ახალი იდეა. ასეთი საკითხი განიხილებოდა ადრეც. სწორედ მაგიტომ მოხდა თავის დროზე ორთაჭალაში რამდენიმე სამინისტროს გადატანა. მხედველობაში მაქვს გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაშინ გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროც, პროკურატურაც იქვეა და ასე შემდეგ.
წმინდა კალკულაციის საკითხია, შეიძლება თუ არა ამით მართლა რაღაც რეალური ეკონომია გაკეთდეს. გააჩნია, როგორ არის ეს ყველაფერი დათვლილი და გაანგარიშებული, _ განუცხადა „ახალ თაობას“ პაატა შეშელიძემ.

