საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ნიუპოსტს განუცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ციანიდის საქმეზე პროკურატურაში დაკითხეს.
იურისტი არ ადასტურებს, კონკრეტულად როდის დაიკითხა თეთრუაშვილი. მისი თქმით, თეთრუაშვილი დასვენების დღეებში დაკითხეს.
საპატრიარქოს იურისტმა განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი მოწმის სტატუსით დაიკითხა, დადგენილებაში კი წერია, რომ თეთრუაშვილი დაზარალებულად ცნეს.
ედიშერ ქარჩავამ ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ამავე საქმეზე, პატრიარქის მდივან-რეფერენტის გარდა, საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე თანამშრომელიც დაიკითხა.
ქარჩავას განცხადებით, დაკითხული პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმიანობასთან უშუალო კავშირში არიან, თუმცა ისინი სასულიერო პირები არ არიან.
მისივე ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილისა და სხვა პირების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში მოხდა.
_ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და რა თქმა უნდა, გარკვეული პიროვნებები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურულ ერთეულებში შედიან და თანამშრომლები არიან, იკითხებიან, თუმცა აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით მე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ, ვინაიდან ეს არის უფლებამოსილება თვითონ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების, რომლებსაც თუნდაც დღეის მდგომარეობით შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, გამოითხოვონ წერილობითი მტკიცებულებები და მიიღონ სრული ინფორმაცია, თუ ვინ დაიკითხა, ან ვინ რა ჩვენება მისცა, _ განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
საპატრიარქოს იურისტის თქმით, ამ პირთა დაკითხვის პროცესს უშუალოდ ის არ დასწრებია.

