ქიბარ ხალვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.
წერილობითი მოთხოვნა ბიზნესმენმა სტრასბურის სასამართლოში შეიტანა, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც მან რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შესაძლებელია, მისი უფლებები შეილახოს და მას სურს, რომ სასამართლომ მისი პოზიციაც მოისმინოს.
_ სამართლის საძებნელად მოვედი. უნდა ჩავაბაროთ წერილი თხოვნით, რომ საქმეში მესამე მხარედ ჩაგვრთონ, ჩემი პირადი უფლებების დასაცავად, მათ შორის ქონებრივი უფლებების დასაცავად. დავა არის რუსთავი 2-სა და სახელმწიფოს შორის, რომელზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩემი უფლებები დააზარალოს. ამიტომ მოვედი ჩემი უფლებების დასაცავად.
სულ რაღაც მეორედ ვარ აქ მოსული. პირველადაც სააკაშვილის გამო, როდესაც ლტოლვილი ვიყავი და ვიდევნებოდი და დღეს მეორედ ვარ მოსული და ორივეჯერ სააკაშვილის გამო, _ განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
მისივე თქმით, არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ სტრასბურში ამავე პერიოდში იმყოფებიან ქართველი მინისტრები და განმარტა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა.
_ 2 დღის ინტერვალში იმის შიშით, რომ ვინმეს არ დავმთხვეოდი, არ მოვსულიყავი აქ? _ განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
მან თქვა, რომ სტრასბურის გადაწყვეტილებას არ აკრიტიკებს.
_ არავითარი გადაწყვეტილება არ ყოფილა, შეაჩერეს უბრალოდ, მივესალმები, მეტი არაფერი. რაც აქამდე გაუკეთებია, იმას გააკეთებს სტრასბური, გამარჯვება რა შუაშია, ესენი არ ადგენენ გამარჯვებულს და დამარცხებულს. მე მხარე არ ვარ, მე ჩემი უფლებების დასაცავად მოვედი, _ აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

