როგორ დავიცვათ საბანკო დანაზოგები?

როგორ დავიცვათ საბანკო დანაზოგები?_ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება იქნება კარგი პრევენცია, რათა მომავალში ჩვენი მოსახლეობის საბანკო დანაზოგები საიმედოდ იყოს დაცული.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ჟურნალისტებთან „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსურ სექტორში სტაბილურობას კიდევ უფრო განამტკიცებს. მისი შეფასებით, დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტი, დანერგილია და მოქმედებს მსოფლიოს 113 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, ცენტრალური აზიის და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.
_ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გვაქვს აღებული ეს ვალდებულება და ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ზოგადად, ეს რეფორმა უნდა გატარდეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც რისკები დაბალია ფინანსურ სისტემაში, ხოლო მოსახლეობის ნდობა _ მაღალი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, რთული იქნება ამ რეფორმის განხორციელება. ამიტომ ვთვლით, რომ დროულობა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია.
ვთვლით, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვა ფინანსურ სექტორში სტაბილურობას კიდევ უფრო განამტკიცებს და ნდობას, რომელიც მაღალია, კიდევ უფრო აამაღლებს, _ განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
კანონპროექტის თანახმად, საბანკო დეპოზიტების დაზღვევა 2018 წლიდან გახდება სავალდებულო. საუბარია, 5 ათასი ლარის მოცულობის დეპოზიტებზე.
ამასთან, კანონპროექტი გულისხმობს დაზღვევის სპეციალური სააგენტოს შექმნას, რომელშიც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად კომერციული ბანკების წარმომადგენლებიც იქნებიან.
—————
_ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის იმპლემენტაციის შემდეგ, საბანკო სექტორის ხარჯი დაახლოებით 15-20 მილიონი ლარით გაიზრდება. რაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება აისახოს დეპოზიტებისა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე.
ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის თემა საქართველოს საბანკო სექტორისთვის არ არის აქტუალური.
_ ჩვენ ბევრჯერ გვქონდა ამ საკითხის განხილვა, არამარტო თიბისი ბანკს, არამედ საბანკო ასოციაციასთან ერთად. ეს საკითხი საბანკო სექტორისთვის არ არის აქტუალური, სხვა უფრო
საინტერესო პროექტები შეიძლება განხორციელდეს. არ ვფიქრობთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის შემთხვევაში შეიძლება ნდობა გაიზარდოს. ქართულ საბანკო სექტორში ნდობა არის იმაზე უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია. არ ვთვლით, რომ ამით რაღაც ახლის მიღწევა შეიძლება მოხდეს, _ განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევაზე მსჯელობა ამ ეტაპზე ნაადრევი იყო.
_ ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს ნაადრევი იყო და 2018 წლისთვის კანონპროექტის ამოქმედება არ იყო საჭირო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აქტიურად მუშაობდა ამ თემაზე, აუცილებელი იყო, რომ პროცესი დაძრულიყო და ამ კანონპროექტის განხილვა დაწყებულიყო.
ჩვენ განსხვავებული აზრი გვქონდა, მაგრამ ამ მიმართულებით მოხდა განვითარება. რეალობა არის ის, რაც გვაქვს და ჩვენ ამას შევასრულებთ, _ განაცხადა ბუცხრიკიძემ.