_ 4 წლიანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ახლა გვაქვს და ეკონომიკის ზრდის ის მაჩვენებელი, რაც არის, ნამდვილად არ არის საამაყო.
ამის შესახებ რადიო „კომერსანტის” გადაცემაში ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სავალუტო კრიზისმა, რომელმაც ქვეყანას 2 ტალღად გადაუარა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად შეამცირა.
_ საერთოდ, როდესაც ვალუტა 20%-ით უფასურდება, ქვეყნის ეკონომიკა 4-4,5%-ით მცირდება. მაგალითად, თუ გვქონდა დაგეგმილი 6%-იანი ზრდა, მივიღებთ 2%-იანს. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. 2016 წელს კი ლარი 20%-ით 2 ტალღად გაუფასურდა. პირველად იყო წლის დასაწყისი ზაფხულამდე, შემდეგ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით ლარი არჩევნებამდე ხელოვნურად გაამყარეს. შემდეგი ვარდნა კი დაიწყო არჩევნების შემდეგ, რამაც ეკონომიკა რეალურად სერიოზულად დააზარალა, _ განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა სავალუტო კრიზისიდან გამოვიდეს, 2 წელი მაინც დაგვჭირდება.
_ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სავალუტო კრიზისები ქვეყანის ეკონომიკას 4-4,5%-ით ამცირებს, ასეთი კრიზისიდან გამოსვლისთვის კი გვჭირდება დაახლოებით 2 წელი. რეალურად, ჩვენ 2 წელი დავკარგეთ, _ განაცხადა რომან გოცირიძემ.
კომერსანტი.გე

