მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და სამოქალაქო პლატფორმა `ახალმა საქართველომ~ მორიგი კვლევის შედეგები გაასაჯაროეს.
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მარიამ ქელბაქიანმა „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, 2016 წელს 13 სამინისტროში სამივლინებო ხარჯმა _ 5.628.739, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა 2.182.920 ლარი შეადგინა.
მარიამ ქელბაქიანის განმარტებით, საზღვარგარეთ მივლინებებში ძირითადად მაღალი თანამდებობის პირები დადიან, შედარებით დაბალი რანგის მოხელეები კი ქვეყნის შიგნით დადიან მივლინებებში.
მას რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს. გასულ წელს ჯანდაცვის მინისტრი მივლინებით ნიდერლანდებში, დანიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში ყოფილა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კი ნიუ იორკში, ანკარასა და ლუქსემბურგში წასულა.
ქელბაქიანის განმარტებით, არცერთ სამინისტროს არ მოუწოდებია დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს, თუ რა კონკრეტული შედეგით დაბრუნდა თანამდებობის პირი მივლინებიდან.
სამინისტროების მიხედვით სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები ასე გადანაწილდა:
ენერგეტიკის სამინისტროში მივლინების ხარჯმა 125.474 ლარი შეადგინა, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 30.629 იყო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მივლინების ხარჯმა 122.257 ლარი შეადგინა, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა _ 11.755 ლარი; სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მივლინებებში 410.052 ლარს დახარჯა, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა 83.585 ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს სამივლინებო ხარჯმა გასულ წელს 305.545 ლარი შეადგინა, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა _ 109.625 ლარი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამივლინებო ხარჯი 229.736 ლარია, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი _ 151.836 ლარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამივლინებო ხარჯი 50.671 ლარია, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 19.810 ლარს შეადგენს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამივლინებო ხარჯი 109.419 ლარია, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი _ 38.620 ლარი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სამივლინებო ხარჯი 125.347 ლარია, წარმომადგენლობითმა ხარჯმა კი 65.073 ლარი შეადგინა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამივლინებო ხარჯი 122.911 ლარია, ხოლო წარმომადგენლობითი _ 182.066. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამივლინებო ხარჯმა 211.919 ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამივლინებო ხარჯი 447.628 ლარია, ხოლო წარმომადგენლობითი _ 135.079; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამივლინებო ხარჯი 96.334 ლარია, წარმომადგენლობითი ხარჯი _ 21.033; შინაგან საქმეთა სამინისტროს სამივლინებო ხარჯი 3.271.299 ლარია, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 1.333.809 ლარს შეადგენს.

