საქართველო ნინო ანანიაშვილის გამო დამატოვებინეს

რატომ არ აძლევენ თამაზ ვაშაკიძეს პოლიტდევნილის სტატუსს

საქართველო ნინო ანანიაშვილის გამო დამატოვებინეს2012 წლის დეკემბერში ხელისუფლებაში ახალმოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ათეულობით ადამიანს მიანიჭა პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსი. პოლიტდევნილის სტატუსის მიღებას ითხოვდა ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძეც.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ამ ფაქტს სამწუხარო გაუგებრობა უწოდა. როგორც გაირკვა, ვაშაკიძის ადვოკატმა სპეციალურ კომისიაში საბუთები დროულად ვერ წარადგინა.

_ ამდენი წელი ველოდებოდი, რომ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდებოდი, მეგონა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მომეცემოდა სახლში დაბრუნებისა და ჩემი სიმართლის დამტკიცების საშუალება. ეტყობა, ამ ხელისუფლებაშიც არის ხალხი, რომლებსაც ჩემი დაბრუნება არ აწყობთ, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში თამაზ ვაშაკიძემ.

ქორეოგრაფიული სასწავლებლის ყოფილი ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მისი საქმით პროკურატურა და სახალხო დამცველი მაინც დაინტერესდებიან.

_ მივმართავ ერთსაც და მეორესაც, შეისწავლონ ჩემი საქმე და ნახავენ, ვარ თუ არა წინა რეჟიმის მსხვერპლი. მე საქართველოდან 2004 წელს მომიხდა წასვლა. მე დღეს რუსეთში ვცხოვრობ და ჩემი ოჯახისგან ძალიან შორს ვარ. არც პოლიტიკური თავშესაფარი მომითხოვია და არც ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე მითქვამს უარი. მე ხელისუფლებისგან მხოლოდ სიმართლის დადგენას ვითხოვ, სიმართლე კი ჩემ მხარესაა, _ აღნიშნავს ვაშაკიძე.

ქვეყნის დატოვებამდე თამაზ ვაშაკიძემ რამდენიმე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ღიად აცხადებდა, რომ მას ნაციონალები ოფიციალურად სთხოვდნენ თანამდებობის დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის აღძვრით ემუქრებოდნენ.

_ მე ეს ყველაფერი ქვეყნის დატოვების შემდეგ არ განმიცხადებია, ამაზე წასვლამდე ვსაუბრობდი. 2004 წელს კულტურის მაშინდელმა მინისტრმა გოკა გაბაშვილმა პირდაპირ მითხრა, რომ ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორის პოსტი უნდა დამეტოვებინა, მითხრა ისიც, რომ ეს თანამდებობა ნინო ანანიაშვილისთვის უნდოდათ. ის იმჟამად ახალდაბრუნებული იყო საქართველოში. მე ამაზე უარი ვთქვი და ჩემ წინააღმდეგ აღძრეს საქმე. იძულებული გავხდი, საქართველოდან გავქცეულიყავი, _ იხსენებს ვაშაკიძე „ახალ თაობასთან“.

„ახაალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი