საქართველოში შეიძლება პლასტმასის ჭურჭელი აიკრძალოს

საქართველოში შეიძლება პლასტმასის ჭურჭელი აიკრძალოსსაქართველოში პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ რეგულაციის დაწესება პლასტმასის ჭურჭელზეც იგეგმება. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთირებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს.

მისი განმარტებით,პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა სამომავლო გეგმაა და მისი ამოქმედება სავარაუდოდ, 2018 წლისთვის იგეგმება.

_ ამაზე საუბარი იყო, თუმცა, ერთბაშად ამდენი რეგულაცია ბიზნესზე დიდი ზეწოლა იქნება. ამიტომ, ეს ეს შემდეგი ეტაპი იქნება.მომავალი წლისთვის შესაძლოა დავიწყოთ ამაზე ფიქრი და თუ რამე მიემატება, კანონში, რომლითაც პოლიეთილენის პარკების აკრძალვა დარეგულირდება, ცვლილების სახით შევა, _ აცხადებს ჩანქსელიანი.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტმასის ჭურჭელის აკრძალვაზე საუბარი გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პლასტმასის ჭიქები, დანა-ჩანგლები და თეფშები 2020 წლიდან უნდა აიკრძალოს.

2016 წელს ჩანქსელიანი ასევე „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებდა, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა ამა თუ იმ პროდუქტის ბაზარზე ერთბაშად აკრძალვა, ამიტომ მთავრობას ყველა მხარის ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა.

_ შესაძლოა, სუბსიდირება გაუკეთდეს ისეთი პროდუქციის წარმოებას, რომელიც ჩააანაცვლებს პლასტიკას და იქნება ბიოდეგრადირებული მასალისგან დამზადებული, _ აცხადებდა ჩანქსელიანი.

კომერსანტ.გე