“თბილისის თამბაქო” ფადი ასლის წინააღმდეგ _ აქცია “ევროპული საქართველოს” ოფისთან

"თბილისის თამბაქო" ფადი ასლის წინააღმდეგ _ აქცია "ევროპული საქართველოს" ოფისთან“თბილისის თამბაქოს” თანამშრომლები პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის წინააღმდეგ აქციას მართავენ.
კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ პარტია ფადი ასლის და მის განცხადებებს მხარს უჭერს, რაც „თბილისის თამბაქოს“ წინააღმდეგ არის მიმართული.
_ გამოვიდნენ და თქვან რატომ უჭერენ ფადი ასლის მხარს. ფადი ასლი რომელი ინვესტორია? ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ და დაუჭირეთ მხარი ქართულ წარმოებას _ აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მამუკა დავლაძე.
მათივე ინფორმაციით, “თბილისის თამბაქოში” 500-მდე ადამიანია დასაქმებული.
_ ეს ქარხანა რომ დაიკეტოს, ვინ დაასაქმებს ამ ხალხს?!,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათთან შესახვედრად გამოვიდა პარტიის წევრი გიორგი ღვინიაშვილი.
_ ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი სასამართლო. თქვენ შეიძლება ვინმემ შეგიყვანოთ შეცდომაში. საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს აქციზი იყო ბევრად დაბალი. მე გთავაზობთ ერთ რამეს, მოვთხოვოთ ამ ხელისუფლებას, რომ აქციზი დაწიოს,- განაცხადა ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, ფადი ასლი აპროტესტებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას “ბრითიშ ამერიქან ტობაქოსა” და “ფილიპ მორისის” 93 მილიონით დაჯარიმებასთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც სარჩელი ადგილობრივმა მწარმოებლებმა “თბილისის თამბაქომ” და “ოჯითიმ” შეიტანეს.

ბიზნესკონტრაქტი