მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.
ბათუმის მოვლენების განვითარებამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის” საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა, სადაც საამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომას ითხოვდა. 11-12 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეკრებილები კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ათეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარვევის ფაქტზე დააკავეს და გაათავისუფლეს, ამასთან, სისხლის სამართლის ბრალდებით 18 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

