სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის პარლამენტში წარდგენის შემდეგ¸ კომიტეტის სხდომიდან გამოსულ სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეს შეკითვით მოძრაობა „თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა გივი თარგამაძემ მიმართა. ყოფილ დეპუტატს აინტერესებდა თუ რატომ არ ენიჭება მისი აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია.
– კონკრეტული კითხვა მაქვს და პასუხი მინდა. აფეთქება განხორციელდა ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომელიც გაჯერებული იყო მეტალის ელემენტებით.
აფეთქება მოხდა მთელს მარშრუტზე ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, დაზიანდა 11 ავტომობილი და დაზარალდა 7 ადამიანი, რომელთაგან ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია დღესაც, ოპერაციები ტარდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის გამოსასწორებლად. იმ მომენტში ვიყავი მოქმედი დეპუტატი. ასევე საქმეზე იკვეთებიან პირები, რომლებიც წარსულში გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს, სამხედრო ამბოხს, პოლიციელების და პროკურორის მკვლელობას, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობას. რატომ არ ეძლევა, თქვენი აზრით, ამ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია, არ მითხრათ, რომ ეს პროკურატურის პრეროგატივაა, თქვენი აზრი მაინტერესებს. და რატომ არ არის მოწადინებული სუს-ი, მან გამოიძიოს ეს საქმე და არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას იმსახურებს ეს საქმე თუ არა, – მიმართა თარგამაძემ ტაბატაძეს.
რაზეც ტაბატაძემ მიუგო, რომ ის კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემდა, რადგან აღნიშნულ საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იძიებს:
– გასაგებია, რამდენადაც თქვენ ჩემი სუბიექტური აზრი უნდა გაინტერესებდეთ, მოცემულობა ასეთი გვაქვს – თქვენს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19-109 მუხლით, რომელიც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, გარემოებების გათვალისწინებით, რაც თქვენ თქვით. ამჟამად თქვენს საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველო, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და როგორც ვიცი.
ბრალდებულის სახით პასუხისმგებაში მიცემულია კონკრეტული პირი, რომელზედაც გაიმართა სასამართლო და იგი ამჟამად იძებნება. ეს რაც შეეხება თქვენს საქმეს. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იძიებს ამას. კვალიფიკაციას მე როგორ მივცემ. კვალიფიკაცია მიცემულია, გამოძიება დაწყებულია. ბრალდებულის სახით მიცემულია კონკრეტული პიროვნება პასუხისგებაში. ამით რამდენადაც არ უნდა იყოს დაინტერესებული, კონკრეტულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. – განაცხადა ტაბატაძემ.

