დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამ ეტაპზე არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს აქვს გარკვეული სამართლებრივი და ასევე სხვა არგუმენტები, რომელთა თანახმადაც, ამ ეტაპზე ისინი ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ, თუმცა ფანცულაიას არ დაუკონკრეტებია, რა არგუმენტებია ესენი.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ დეკანოზისთვის ბრალის დამძიმებას და საქმის სასამართლოში გაგზავნას, როგორც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურას კვლავ არ გაუცია მთავარ კითხვაზე პასუხი: – ვისგან შეიძინა დეკანოზმა ციანიდი?
– ახალ განცხადებაში საუბარია თითქოს დაზუსტებით, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა, მაგრამ კვლავ ვერ დაადგინეს, ვისგან იყიდა მამაომ ეს ნივთიერება. იმიტომ ვერ დაადგინეს, რომ არ არსებობს ასეთი პირი. სამი თვეა ვიძახი, რომ ასეთი პირი არ არსებობს და დადასტურდა, რომ მართლაც არ არსებობს ადამიანი, რომლისგანაც მამაომ ციანიდი შეიძინა, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.
რაც შეეხება საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას, როგორც ცნობილია, თავდაპირველად მამა გიორგი მამალაძის სურვილი იყო, რომ მის საქმეზე არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოსამართლეს, არამედ სწორედ ნაფიც მსაჯულებს ემსჯელათ.

