ძველი ავტომობილებისა და კომპიუტერების უტენდეროდ ჩანაცვლება სახელმწიფო უწყებებს აეკრძალებათ

ძველი ავტომობილებისა და კომპიუტერების უტენდეროდ ჩანაცვლება სახელმწიფო უწყებებს აეკრძალებათძველი ავტომობილებისა და კომპიუტერების უტენდეროდ ჩანაცვლება სახელმწიფო უწყებებს, შესაძლოა, აეკრძალოთ.

სახელმწიფო დაწესებულებებს ავტომობილებისა და კომპიუტერების განახლება გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით აღარ შეეძლებათ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოამზადა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს “სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონში”. შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვა აღარ უნდა ჩატარდეს.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ტექნიკა შეძენილი იქნება მხოლოდ ტენდერის საშუალებით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, სატენდერო პროცედურების გამოყენების გამო, დაიზოგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკისა და ელექტროდანადგარის შესყიდვისთვის განკუთვნილი სახსრები.

კანონპროექტის ავტორი ზაქარია ქუცნაშვილი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია, სამსახურებრივი ავტომობილების შესყიდვა ვერ მოხდეს ტენდერს მიღმა.

_ ნებისმიერი სხვა მუნიციპალური თუ ადგილობრივი შესყიდვა უნდა მოხდეს ტენდერის გავლის გზით. ეს არის მთავარი მიზანი ცვლილებებისთვის. დარწმუნებული ვარ, დამიჭერენ მხარს ჩემი კოლეგები,- აცხადებს ქუცნაშვილი.

მისი თქმით, შესყიდვების სააგენტო კარგ პოლიტიკას ატარებს ამ მიმართულებით, თუმცა, საჭიროა, ამოივსოს ის საკანონდებლო ხვრელები, რომლებიც დღეს არსებობს.

სალომე მეცხვარიშვილი, ბიზნესკონტრაქტი