ეკა ბესელია და დავით ჩხატარაშვილი დაიკითხებიან ფოტორეპორტიორების საქმეზე

ეკა ბესელია და დავით ჩხატარაშვილი დაიკითხებიან ფოტორეპორტიორების საქმეზეფოტორეპორტიორების საქმეზე დეპუტატი ეკა ბესელია და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი დაიკითხებიან.
აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენა, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა დაიწყო.
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება და თავად ფოტორეპორტიორები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ. პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის საფუძველზეც პროკურატურამ ახალი გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოები არიან და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იშუამდგომლა.
თავის მხრივ, ფოტორეპორტიორებმა ირაკლი და ნათია გედენიძეებმა, ზურაბ ქურციკიძემ და გია აბდალაძემ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.
მომდევნო პროცესი 1 ივნისს დაინიშნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.