ვინ განახორციელა თავდასხმა შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე და რატომ ახორციელებდა მასზე თვალთვალს სუს-ის უფროსის მოადგილე?
გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის დეტალებზე ”პოსტკრიპტუმთან” საუბრობს. მისი თქმით, როცა პიროვნებები ქალაქის ცენტრში ახორციელებენ ასეთ ღონისძიებას, ჩნდება ვარაუდი, რომ მათ ჰყავთ მფარველები ძალოვან უწყებებში.
გელა ხვედელიძე ამბობს, რომ მას თავდასხმამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ინტერვიუში მან სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაასახელა.
_ ინტერესის საგანი ვიყავი და ეს გოგაშვილმაც კარგად იცის. ძირითადად ეგ ახორციელებდა წლების განმავლობაში ჩემთან მიმართებაში გარკვეულ ოპერატიულ ღონისძიებებს, ვის ველაპარაკებოდი და რას, _ აცხადებს გელა ხვედელიძე.
ხვედელიძეს ეეჭვება, რომ მასზე თავდასხმა გამოძიებული იქნება.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, სუს-ს, კერძოდ კი უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, ის პირად მტრად ჰყავდა გამოცხადებული.
_ ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ მათ გოგაშვილის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, დაანებეთ გელასთან ურთიერთობას თავიო, _ ამბობს ხვედელიძე.
გელა ხვედელიძე გამორიცხავს, რომ სოსო გოგაშვილის გარდა რომელიმე გავლენიან პირს შეეძლო, მის წინააღმდეგ თავდასხმა განეხორციელებინა.
შესაძლოა თუ არა თავდასხმის საფუძველი გელა ხვედელიძის ხელთ არსებული რაიმე სახის ინფორმაცია გამხდარიყო?
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ამას არ გამორიცხავს:
_ შესაძლოა… ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობ.
ის არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ტიპის თავდასხმები სხვადასხვა სახის ინფორმაციის მქონე ადამიანების წინააღმდეგაც დაიგეგმოს.

