ინტერ რაოსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის დავაზე საუბრისას დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ თუ საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა, ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
მათი თქმით, ეს მომავალში სამომხმარებლო ტარიფზე აისახება.
– არბიტრაჟამდე საქმე არ უნდა მივიდეს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თელასმა სწორად გააკეთა გათვლები და მას მართლა ეკუთვნის, მაშინ ეს მას უნდა აუნაზღაურდეს, ეს ტარიფის ხარჯზე მოხდება, – განაცხადა პაატა ცინცაძემ.
ექპერტ დავით ებრალიძის თქმით, ეიეს თელასმა კორპორაციამ სუფთა აქტივები მიჰყიდა ინტერ რაოს.
– როდესაც ინტერ რაომ იყიდა ეიეს კორპორაციისგან თელასი, მაშინვე დაფიქსირდა, რომ ინტერ რაომ გადაიხადა მხოლოდ 23 მილიონი დოლარი, ხოლო ინვესტიციები, რომელიც ტარიფში იყო ასახული, იყო დაახლოებით 200 მილიონზე მეტი, რომელიც საერთოდ არ ეკუთვნოდა ინტერ რაოს. ეს იყო ეიეს კორპორაციის ინვესტიციები. ეიეს კორპორაციამ ეს ინვესტიციები ზარალში გაუშვა, ჩამოწერა და სუფთა აქტივები მიჰყიდა ინტერ რაოს, – აცხადებს დავით ებრალიძე.
საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო სასამართლოდან “ყაზტრანსგაზის” სარჩელზე შეტყობინება მიიღო. ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს.
ნიუპოსტი

