ირაკლი ლექვინაძე: “გარევაჭრობა თბილისში 2 კვირაში აღარ იარსებებს”

ირაკლი ლექვინაძე: "გარევაჭრობა თბილისში 2 კვირაში აღარ იარსებებს"თბილისში გარევაჭრობის წინააღმდეგ დაწყებული ღონისძიებები ორი კვირის ვადაში დასრულდება. მომდევნო დღეების განმავლობაში გარევაჭრობა მეტრო ’’სამგორისა“ და მეტრო ’’ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიებზე აიკრძალება. მაისის შუა რიცხვებამდე კი კანონგარეშედ მოწყობილი ბაზრობები და თბილისის ქუჩები სრულად გაიწმინდება.

თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.

მისი თქმით, გარკვეულ ადგილებში გარევაჭრობის დახლები რჩება და ამას მასშტაბური სახე არ აქვს, მაგრამ მერია ეტაპობრივად, მაქსიმალური მონიტორინგის საფუძველზე უზრუნველყოფს იმას, რომ არასასურველ პირობებში კვების პროდუქტებით, ტანსაცმლით თუ მალფუჭებადი პროდუქტებით ვაჭრობა თბილისში აღარ იყოს.

– გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკებები მიდის თუ არა, რომ მათ დახურულ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ და როგორია ამ შეთავაზების მიმართ მათი დამოკიდებულება?

– ბაზრობების ასოციაციასთან, რომელიც თბილისის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა ორგანიზებულ ვაჭრობას აერთიანებს, სიტყვიერი შეთანხმება იყო მიღწეული იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მზად იყვნენ ამ ადამიანების მისაღებად. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, უკვე ბევრმა მათგანმა გადაინაცვლა ლოკაციებზე, სადაც ორგანიზებული სავაჭრო სივრცეებია და ბუნებრივია, ამ ალტერნატივების გამოყენება თითოეულ მათგანს შეუძლია.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს იქ ვაჭრობა რთულია, მომხმარებელი არ მიდის და ა.შ. როდესაც ქუჩებში აღარ იქნება სავაჭრო დახლები და ობიექტები, მომხმარებელი იქ მივა, სადაც მისთვის სასურველი და საჭირო პროდუქცია იყიდება.

bm.ge