მერაბ ღოღობერიძე კახა ბუხრაძის ხელახალ დაკითხვას ითხოვს

მერაბ ღოღობერიძე კახა ბუხრაძის ხელახალ დაკითხვას ითხოვსაჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ დატოვა.

იგი დაკითხვაზე თავისი ინიციატივით იმყოფებოდა.

როგორც მერაბ ღოღობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაში იცრუა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ კახა ბუხრაძესთან შეხვედრის დროს მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, დეპუტატების დაკავება მისთვის მიუღებელია.

ღოღობერიძე კახა ბუხრაძის ხელახლა დაკითხვას ითხოვს.

_როდესაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების დაკავება განხორციელდა, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, რადგან დეპუტატების ადმინისტრაციული წესით დაკავება და იზოლატორში გადაყვანა არასწორია, თუ რამე მძიმე გარემოება არ არსებობს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული დეპუტატები არსად გაიქცეოდნენ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს კახა ბუხრაძეს სწორედ ამაზე ვესაუბრე, თუმცა ეს კახა ბუხრაძის ჩვენებაში არ არის ასახული. მან ეს დამალა და ამიტომ ვითხოვ გასაჯაროებას.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ კახა ბუხრაძის ხელახლა დაკითხვა მოხდეს, ასევე გასაჯაროვდეს ის მეოთხე პიროვნება, რომელიც ჩვენი შეხვედრის დროს იმყოფებოდა. იგი მაღალი თანამდებობის პირია და, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. დღევანდელ დაკითხვაზეც მქონდა ნაციონალური მოძრაობის წევრების შესახებ საუბარი, _ აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განუცხადა, აჭარის პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ჩვენება 16 მარტს მისცა, ადვოკატებს კი საქმის მასალები 26 მარტს გადაეცათ.

მისივე თქმით, საქმის მასალების თანახმად, აჭარის პოლიცის უფროსი დაკითხვისას არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. ადვოკატის თქმით, ჩვენებაში ბუხრაძე ამბობს, რომ როდესაც იგი საპატრულო პოლიცის უფროსად დაინიშნა, მას ღოღობერძე შეხვდა და სთხოვა, რომ მისთვის პატრულს პრობლემები არ შეექმნა, რადგან არ აქვს მართვის მოწმობა. ასევე, მერაბ ღოღობერიძე სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებას ითხოვდა.