ნატო იმნაძე: ,,ასლან აბაშიძემ მამაჩემს 3-ჯერ ესროლა”

ნატო იმნაძე: ,,ასლან აბაშიძემ მამაჩემს 3-ჯერ ესროლა”ყველაზე ძველი და გახმაურებული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეა. ამის გამო ასლან აბაშიძეზე ინტერპოლითაც კი გამოცხადდა ძებნა.

ამ დანაშაულიდან 25 წლისთავზე სასამართლომ ასლან აბაშიძეს განზრახ მკვლელობის მუხლი შეუცვალა. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო იმნაძე, რომელიც მამის მკვლელობის თვითმხილველია, ფიქრობს, რომ ყველაფერი აბაშიძის “გასაპრავებლად” კეთდება.

ნატო იმნაძე:

– აშკარაა, ვიღაცა ძალიან არის დაინტერესებული იმით, რომ აბაშიძე გამართლდეს. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამ კუთხით ერთი მოწმეც არ ჰყავთ დაკითხული. ამაზე ერთი კითხვაც არ არის მათი მხრიდან დასმული.

ყველაფერი კი ამას მოჰყვა: 1991 წლის 14 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად 31 მარტამდე ასლან აბაშიძე დაინიშნა, პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად კი _ საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სპიკერი ნოდარ იმნაძე.

პირველი დადგენილება, რომელზეც ასლან აბაშიძემ ხელი მოაწერა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების 28 აპრილისთვის გადატანა იყო.

აბაშიძეს ამ მოკლე დროში უნდა მოესწრო აჭარაში სრული ძალაუფლების მოპოვება, რისთვისაც საჭირო იყო ნოდარ იმნაძის ჩამოშორება არა მარტო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, არამედ ,,მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სპიკერობიდანაც.

აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში ,,მრგვალი მაგიდის” საარჩევნო სიას ნოდარ იმნაძე ადგენდა. აბაშიძე რომ გამხდარიყო აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების პროცესების წარმმართველი და უზენაესი საბჭოს წარმომადგენელთა უმრავლესობა გაეკონტროლებინა, ამისთვის საჭირო იყო, “მრგვალი მაგიდის” საარჩევნო სია ნოდარ იმნაძეს კი არა, თავად მას შეედგინა.

ამ მოკლე დროში ნოდარ იმნაძის საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება მხოლოდ მისი ლიკვიდაციით შეიძლებოდა.

აბაშიძეს სჭირდებოდა დასაყრდენი ძალა და ეს ძალა აჭარაში იყო სეპარატისტულად განწყობილი, ანტიეროვნული დაჯგუფება, კერძოდ, ე.წ. აჭარის ხსნის კომიტეტი, აგრეთვე უშიშროების კომიტეტი და კომპარტიის ზოგიერთი თანამდებობის პირი. ეროვნული ძალების პროვოცირებისთვის საჭირო იყო აჭარაში მასობრივი არეულობა და დაპირისპირება, რისი გაკეთებაც არ გასჭირვებიათ. ორგანიზატორები მზად იყვნენ, სისხლიც კი დაეღვარათ. იყო სეპარატისტული ლოზუნგებიც.

– რა ლოზუნგები იყო?

– 1991 წლის 22-23 აპრილის პროვოკაციული აქციები დღესაც მწარედ ახსოვთ ბათუმში. აბაშიძის მიერ ორგანიზებული ანტიეროვნული მიტინგები მიმართული იყო ეროვნული ძალების წინააღმდეგ. აქციის ლოზუნგები ასეთი გახლდათ: ,,ავტონომიის ხელშეუხებლობა”, ,,რელიგიის ხელშეუხებლობა”, ,,აჭარა აჭარლებს”, ,,აჭარას უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი, უნდა ჰქონდეს დროშა, გერბი და ჰიმნი”. მათ გეგმაში შედიოდა პროვოკაცია, რომელიც, შეიძლებოდა, სისხლისღვრით დამთავრებულიყო.

აქციის ერთ-ერთი თავკაცი იყო აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი იოსებ ხიმშიაშვილი. მას აბაშიძე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაჰპირდა, ამის სანაცვლოდ დაავალა ზემო აჭარიდან ხალხის ჩამოყვანა. მან მობილიზება გაუკეთა თავის ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს და დავალება ფრიადზე შეასრულა.

მომიტინგეებმა ჯერ მინისტრთა საბჭოს შენობა დაარბიეს, შემდეგ კი მოითხოვეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გურამ ჩიგოგიძის გადაყენება და მის ადგილას იოსებ ხიმშიაშვილის დანიშვნა.

გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თუ რა განცხადებები გააკეთა იმ დღეებში ხიმშიაშვილმა. მან აბაშიძე აჭარის პრეზიდენტად მოიხსენია. ეს ყველაფერი ვიდეოფირზეა დაფიქსირებული.

აბაშიძის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ასევე დაარბიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაც, მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ მამუკა კობახიძის გადაყენება და ლევან ხოზრევანიძის დანიშვნა. ეს უკანასკნელიც ანტიეროვნული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ზემო აჭარიდან ხალხის ჩამოყვანის სანაცვლოდ მას აბაშიძე შს მინისტრობას დაჰპირდა.

ასლან აბაშიძის გეგმა იყო ნოდარ იმნაძის გაძევება არა მარტო აჭარიდან, არამედ საქართველოდანაც, რაც ხოზრევანიძემ მომიტინგეებთან გაახმოვანა.

– ასე პირდაპირ თქვა, იმნაძე და მისი გარემოცვა უნდა გავაძევოთო?

– მისი გამოსვლაც ჩაწერილია. მან შემდეგი სიტყვებით მიმართა მომიტინგეებს:

,,მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, მიგულეთ ყოველთვის თქვენ გვერდით და, როგორც დღეს ჩემი დანიშვნა მოითხოვეთ და გვერდში ამომიდექით, ისე ამოგიდგებით საზოგადოების წესრიგის დაცვისა და იმ არაკაცების აჭარიდან კი არა, მთლიანად საქართველოდან მოცილებისთვის”.

ხოზრევანიძე არაკაცებში ნოდარ იმნაძესა და მის გარემოცვას გულისხმობდა.

მინისტრთა საბჭოსა და შსს-ს დარბევის შემდეგ მომიტინგეები უკვე უზენაეს საბჭოში შეცვივდნენ, სადაც ნოდარ იმნაძე გვარდიელებთან და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ნოდარმა მეორე სართულზე შენობის უკანა მხარეს არსებული ფანჯარა ჩაამსხვრია და გვარდიელებთან ერთად დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა, რათა უბრალო ხალხთან არ მომხდარიყო შეხლა-შემოხლა, რადგან ხალხს ამოფარებული უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, რომელიც ნოდარ იმნაძის ლინჩის წესით გასამართლებით გამოიხატებოდა და, აქედან გამომდინარე, იყო სისხლისღვრის დიდი საშიშროება.

ნოდარის სახელმწიფოებრივი მიდგომა და სწორი გადაწყვეტილება რომ არა, აჭარაში 1991 წლის 22-23 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა.

– რა მოხდა ასლან აბაშიძის კაბინეტში?

– ასლან აბაშიძის კაბინეტში იმყოფებოდნენ: ნოდარ იმნაძე, ასლან აბაშიძე, ანზორ ჯაიანი, მურმან ომანიძე, არსენ სურმანიძე და მე, ნატო იმნაძე.

მოწმე ანზორ ჯაიანი პროკურატურის კითხვას ასე პასუხობს: “იმ დროს, როცა ნოდარ იმნაძე შემოვიდა ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახში, მე მას შევხვდი პირისპირ დაახლოებით 4-5 მეტრში. მე ნოდარ იმნაძეს შევხვდი ხელგაშლილი, იარაღი ხელში არ მქონია, ნოდარ იმნაძეს ჩემი მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, მას შეეძლო, მოვეკალი ან დავეჭერი ავტომატით, რაც მას არ გაუკეთებია”.

მურმან ომანიძე ჩვენებაში წერს, რომ ორივე ფეხში იყო ავტომატის ტყვიებით დაცხრილული და მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ეს ფაქტი არც მოწმეთა ჩვენებებითა და არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება.

მოწმე მალხაზ ელიაშვილი, ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმი, ჩვენებაში წერს: ,,მინისტრთა საბჭოს ვესტიბიულში, პირველ სართულზე, იყო 10-15 კაცი … ჩვენ განვაგრძეთ გზა და კიბით ავედით მეორე სართულზე, სადაც დერეფანში, ხელმარცხნივ, კიბიდან დაახლოებით 3-4 მეტრის მოშორებით იყო ადამიანის გვამი, პირქვე ჩამხობილი, რომელშიც შევიცანი იმნაძე. გვამის დათვალიერების მომენტში გავიგონე ფეხის ხმა დერეფანში და, როცა უკან მოვიხედე, გვამისკენ მოდიოდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის შევიცანი ბატონი აბაშიძე, ბატონი ომანიძე და ჯაიანი”.

ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ომანიძე ხომ ამბობს. რომ ორივე ფეხი დაცხრილული ჰქონდა. თუ ასე იყო, როგორღა ახერხებდა სიარულს? ექიმი დეტალებში აღწერს ყველაფერს, რატომღაც ჩვენებაში არ ამბობს, რომ ომანიძე კოჭლობდა ან ფორთხვით მიდიოდა მისკენ. ექიმი არც იმას წერს, რომ აბაშიძეს სდიოდა თქრიალით სისხლი. აბაშიძეც ამტკიცებდა, რომ დაჭრილი იყო.

საქმეში არ არის ომანიძის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, არც სამედიცინო ცნობა, რაც იმას დაადასტურებს, რომ ის დაჭრილი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროკურატურა და სასამართლო მაინც ურცხვად მიიჩნევს დადგენილ ფაქტად ომანიძის დაჭრას.

პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეში არსებული ფაქტობრივი მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ასლან აბაშიძის კაბინეტში მხოლოდ ნოდარ იმნაძე იყო მძიმედ დაჭრილი, რომელმაც უკუსვლით დატოვა კაბინეტი და მძიმედ დაჭრილი გავიდა მდივნის ოთახში. ამას ადასტურებს ყველა მოწმის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნები.

როდესაც ნოდარი უკუსვლით, მძიმედ დაჭრილი, გავიდა მდივნის ოთახში, მას დაედევნა იარაღმომარჯვებული ასლან აბაშიძე.

როგორც მოსამართლე აღნიშნავს, ნოდარ იმნაძე აღარ წარმოადგენდა განსასჯელისთვის საშიშროებას და მას აღარ უნდა განეხორციელებინა დამატებითი გასროლები. მიუხედავად ამისა, ასლან აბაშიძე იარაღმომარჯვებული მისდევს მძიმედ დაჭრილ ნოდარ იმნაძეს მდივნის ოთახში, თავს ესხმის და ესვრის სახის არეში მაკაროვის სისტემის იარაღიდან. სწორედ აქედან იწყება მისი განზრახვა, რომ სისასტიკით გაუსწორდეს ნოდარ იმნაძეს.

ის, რომ ნოდარ იმნაძეს მდივნის ოთახში ასლან აბაშიძე გაეკიდა, სადავო არ არის და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტია. როცა მამაჩემი გავიდა ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახიდან და მიეყრდნო მისაღებ ოთახში მდგარ მდივნის მაგიდას, მასთან ახლოს მივიდა ასლან აბაშიძე, მამაჩემს პერანგში ჩასჭიდა ხელი და რამდენიმეჯერ ესროლა სახისა და მკერდის არეში. როგორც აღვიქვი, ასლან აბაშიძემ მამას ესროლა 3-ჯერ. ეს ჩვენება ჯერ კიდევ 1991 წელს მივეცი. მოსამართლე კი აცხადებს, თითქოს მე სადღაც ვამბობ, რომ ამ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

მძიმედ დაჭრილი ნოდარი ხელის კვრით ახერხებს, თავი დააღწიოს ასლან აბაშიძეს, რის შედეგადაც აბაშიძე წაიბორძიკებს. ნოდარი კარგავს წონასწორობას და, მძიმედ დაჭრილს, ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახის ღია კართან ხელიდან უვარდება ავტომატი. ის ბარბაცით, დიდი ნაბიჯებით გადის დერეფანში. ასლან აბაშიძე ნოდარის ავტომატს იღებს ხელში და ავტომატმომარჯვებული მისდევს მას დერეფანში. დავინახე, როგორ ესროლა ავტომატიდან.

საინტერესო ჩვენება აქვს მოწმე მურმან ომანიძეს. ის ჩვენებაში წერს: “დავინახე, რომ დაჭრილი იმნაძე ოთახიდან ძლივს გადიოდა. მას ხელში არცერთი იარაღი უკვე აღარ ეჭირა”.

ასლან აბაშიძემ გამოძიებას მოტყუებით ჩააბარა ლურჯი ფერის პიჯაკი. სინამდვილეში მას ნაცრისფერი ეცვა. მან შეგნებულად გამოცვალა, რადგან პიჯაკი ნოდარის სისხლით იქნებოდა დასვრილი. აბაშიძეს რომ იმ დღეს სხვა ფერის პიჯაკი ეცვა, ამას, ჩემ გარდა, იქ მყოფი სხვა პირებიც ადასტურებენ.

არის კიდევ უამრავი დეტალი და მოწმეთა ჩვენებები. სამწუხარო ის არის, რომ ამ საქმის გამოძიება არცერთმა ხელისუფლებამ არ მიიყვანა ბოლომდე. არადა, ყველაფერი ხელისგულზეა.

– თქვენ რას იზამთ?

– მე 26 წელია, სიმართლის დასადგენად ვიბრძვი და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას.

მამაჩემის მკვლელობის შემდეგ აბაშიძე და მის კრიმინალური გარემოცვა კვლავ აგრძელებდა ჩემი და ჩემი ოჯახის დევნას.

საქმეში თავის დროზე ბევრი გაყალბება მოხდა, ტყვიებთან დაკავშირებით, ექსპერტიზასთან დაკავშირებით, მოწმეების ჩვენებებში არის საპირისპირო ინფორმაცია და ეს მოითხოვდა დაზუსტებას, მოწმეების დაპირისპირებას, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, გამოძიების მასალებში მაინც ნათლად ჩანს ასლან აბაშიძის მიერ სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვითხოვთ, 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება ასლან აბაშიძის მიერ ნოდარ იმნაძის მკვლელობის ნაწილში და, ნაცვლად 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენში დაკვალიფიცირებული 107-ე მუხლისა, ასლან აბაშიძის ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულით და სასჯელის ზომად განისაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

,,ახალი თაობა”, შორენა მარსაგიშვილი