რა ქონებას ფლობს თინათინ რუხაძე. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის დეკემბერში შეავსო.
ამ დოკუმენტების მიხედვით, თინათინ რუხაძის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, საიდანაც ერთი 2010 წელს 100 000 ლარად იყიდა, ხოლო მეორე 2024 წელს 300 000 დოლარად შეიძინა.
დეკლარაციის თანახმად, კულტურის ყოფილ მინისტრს ავტომობილი არ უფიქსირდება, თუმცა მის საკუთრებაშია შემდეგი მოძრავი ქონება: მისაღები ოთახის გარნიტური (2 800 დოლარი), ოქროს ყელსაბამი (2 500 ევრო), ორი ჩანთა (5 995 ევროსა და 8 100 ევროს ღირებულების) და ორი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, 2025 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, რუხაძეს სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 13 492 ლარი, 137 099 დოლარზე მეტი (მათ შორის 130 000 დოლარი ანაბარზე) და 1 415 ევრო. ამასთანავე, ყოფილ მინისტრს მიღებული შემოსავლიდან ნაღდი ფულით დანაზოგის სახით უფიქსირდება 68 000 დოლარი.
ამასთანავე, რუხაძე ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში. კერძოდ, შპს „ალმონდ ჯორჯიაში“ მას ეკუთვნის 25%-იანი წილი (მართვის უფლება გადაცემულია ნინო სირაძეზე). გარდა ამისა, ის შპს „ბიზნეს კონსალტინგ კომპანის“ 100%-იან წილს ფლობს (მართვის უფლება გადაცემულია დიმიტრი ჩხეიძეზე).
დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის რუხაძემ ხელფასის სახით 16 150 ლარი აიღო, ამასთანავე, 35 700 ლარი აქვს მიღებული ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისთვის, 150 000 ლარი შეადგინა მისმა შემოსავლებმა შპს „თიხარტის” მრჩევლად მუშაობისთვის და 122 500 ლარი – შპს „ბიზნეს კონსალტინგ კომპანის” კონსულტანტობიდან. ამასთანავე, მან „საზოგადოებრივი მაუწყებელის” ჟიურის წევრობისთვის ხელფასის სახით 504 ლარი მიიღო.
2024 წელს ყოფილ მინისტრს ბინის და უძრავი ქონების ნასყიდობიდან შემოსავალი 200 000 დოლარი, ხოლო გასავალი 300 000 დოლარი ჰქონდა.

