„ეს იარა მას მერე აქვს, რაც კაცმა ცხენზე გამოაბა” – ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ვარშავაში ჩატარდა

„ეს იარა მას მერე აქვს, რაც კაცმა ცხენზე გამოაბა" - ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ვარშავაში ჩატარდაემიგრაციაში მყოფ 43 წლის ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა. საგამოძიებო პროცედურები ვარშავაში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი პოლონეთის დედაქალაქში 12 აგვისტოს ჩავიდა. სწორედ ამ დღეს მიანიჭა პროკურატურამ ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ მას და მის ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. ადვოკატ მარიამ ბარსონიძის თქმით, დოკუმენტები მათ გამომძიებლის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაეცემათ.

ადვოკატის განმარტებით, ვარშავაში გამომძიებელმა გამოკითხვის გარდა ის დაზიანებებიც აღწერა, რომლებიც ქალს ბავშვობაში მიადგა.

„გამოძიებამ აიღო ნატა ვიბლიანის ნერწყვის ნიმუში. ასევე აღიწერა იარა, რომელიც ქალს აქვს იღლიის ქვედა ნაწილში. ეს დაზიანება მიადგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ის ცხენზე გამოაბა და ათრია. ამის კვალი დაზარალებულს დღემდე ემჩნევა“, – აცხადებს მარიამ ბარსონიძე და აზუსტებს, რომ პოლონეთში ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.

ივლისის ბოლოს ემიგრანტი ქალი დისტანციურად, 4 დღის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას საგამოძიებო უწყებას. ადვოკატი გამოკითხვის ხანგრძლივობას უპრეცედენტოს უწოდებს:

„ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ძალიან ბევრი დეტალი და ეპიზოდი იყო დაზუსტებული. ნატა ვიბლიანმა დაწვრილებით ისაუბრა მის მიმართ, არასრულწლოვნობის ასაკში, სექსუალურ ძალადობაზე 4 პირის მხრიდან.

მან დეტალურად გაიხსენა ასევე არასრულწლოვნობის ასაკში, მისი ორსულობა და მშობიარობა, კლინიკაში გადაყვანა, აღწერა მშობიარობის შემდეგ მომხდარის დეტალები. მან ცოცხალი ბავშვი გააჩინა. ნატა ვიბლიანმა გამოძიების წინაშე დააყენა საკითხი, მოიძიონ მისი შვილის ადგილსამყოფელიც, ცოცხალია, გაშვილებულია, სად არის“.

კლინიკა სამეგრელოში, სადაც 90-იან წლებში ნატა ვიბლიანმა იმშობიარა, დღეს აღარ ფუნქციონირებს, თუმცა ადვოკატის თქმით, ეს დოკუმენტაციის მოპოვებას ხელს არ უშლის:

„არსებობს არაერთი ცნობა, თუ რა არის შენახული თუნდაც დახურულ კლინიკებში. ეს ინფორმაცია მოპოვებადია, მიუხედავად იმისა, კლინიკა ფუნქციონირებს თუ არა. ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის, ვინაიდან საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, ჩვენთვის უცნობია, ამ მიმართულებით, რა დევს საქმეში, თუმცა, როგორც კი მივიღებთ მასალებს, ბუნებრივია, ამის შესახებაც გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია“.

ჯერჯერობით უცნობია, დევს თუ არა რაიმე ინფორმაცია საქმეში 35 წლის წინ ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შეტანილი საჩივრის შესახებ. ვიბლიანის თქმით, მაშინ პოლიციას მისმა ბაბუამ მიმართა, თავად მას კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 90-იან წლებში დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა, თუმცა იქვე განმარტავენ:

„დანაშაულის ფაბულაში ყოველთვის არ არის დეტალიზებულად მითითებული დანაშაულის გარემოებები, შესაბამისად, სრულყოფილად ვერ ხდება ინფორმაციის მოძიება და ჩვენს მიერ მოწოდებული მონაცემები შესაძლოა იყოს არასრული“.

მარიამ ბარსონიძე მიიჩნევს, რომ წლების წინ ნატა ვიბლიანისა და მისი ოჯახის მიმართ ჩადენილი დანაშაული შეგნებულად მიიჩქმალა:

„ნატა ვიბლიანმა გამოკითხვაზე ისაუბრა მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც, რადგან ის მოულოდნელად და უცნაურ ვითარებაში დაიღუპა. ნატა ვიბლიანის გადმოცემით, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ექსპერტიზაც კი არ ჩასტარებია მამის გვამს, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ პერიოდში მოხდა როგორც აღნიშნული ფაქტის, ისე ნატა ვიბლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიჩქმალვა.

…ძალიან მყარად შემიძლია დაგიფიქსიროთ, რომ იმ პერიოდში, არანაირი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც არაერთ დანაშაულს გახსნიდა, საგამოძიებო ორგანოს არ ჩაუტარებია“.

ადვოკატის თქმით, საქმეში უკვე დევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები:

„საქმეში დევს არაერთი მოწმის გამოკითხვის ოქმი და გარდა ამისა, არის ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებები, რასაც ახლა ვერ გავასაჯაროებთ, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა გვექნება, ამაზეც ვიტყვით. სწორედ ეს ნეიტრალური მტკიცებულებები მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რა შედეგიც გვინდა, რომ დადგეს“.