რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლის, ლევან გოგსაძის კომპანიამ მოიგო. პროექტის ფარგლებში კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით 20 მილიონ ლარს მიიღებს.
შესყიდვა სამ ნაწილად იყო დაყოფილი და თითოეულ ტენდერში ერთადერთი მონაწილე სწორედ „სმარტ სოლუშენსი“ აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველა ლოტში გამარჯვებულადაც ეს კომპანია დასახელდა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი თბილისის მერიას წარსულში რამდენჯერმე ჩაეშალა. კახა კალაძის განმარტებით, მიზეზი კომპანიების მხრიდან ტენდერებში მონაწილეობის ნაკლებობა იყო.
ორი წლის შემდეგ კი პროექტზე გამოყოფილი თანხები „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიამ მიიღო.
კორუფციის მკვლევარის, ბესო დონაძის თქმით, ტენდერებში „სმარტ სოლუშენსის“ ერთადერთი მონაწილეობისა და კომპანიის მფლობელის ხელისუფლებასთან ნათესაური და საქმიანი კავშირების ფონზე, ჩნდება კითხვები, რამდენად კონკურენტულ გარემოში წარიმართა შესყიდვა.
კორუფციის მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ რუსთაველის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის დეტალები, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოები, ჯერაც სრულად ცნობილი არ არის.
რუსთაველის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის “სმარტ სოლუშენი”, რომელიც ეკუთვნის ლევან გოგსაძეს. ლევან გოგსაძის კარიერა წყება GT Group-დან, ეს არის GT Group-ი, რომელიც სასწრაფოების სკანდალშია გახვეული , “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. ეს ლევან გოგსაძის ოჯახური მდგომარეობით არის, ოდიშარიას ქვისლია ანუ მათი ნათესავური კავშირი არსებობს. ზოგადად, “ქართულ ოცნებასთან” ახლოს მყოფი ბიზნესმენია. სამივე ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა. რუსთაველის რეაბილიტაციას კალაძე რამდენიმე წელია ცდილობს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებდა გამომდინარე იქიდან, რომ პროტესტი იყო რუსთაველზე. რამდენიმე ტენდერი ჩაეშალა, იმიტომ, რომ კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს, იმიტომ, რომ საზოგადოების წნეხი იყო მაღალი და შესაბამისად, ვერ მიიღეს მონაწილეობა. ფაქტობრივად, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის ტენდერი, ხოლო რაც შეეხება GWP-ის და მიწის ქვეშა კომუნიკაციებს, რა შეიცვლება, ამაზე ჯერ ინფორმაცია ფიზიკურად არ არსებობს.
სავსებით შესაძლებელია “ქართული ოცნების” პირობებში, რომ როგორც, მაგალითად, წერეთლის გამზირზე გააკეთეს, რომ მათი კომპანიები მოიყვანეს და იმათ აკეთებინეს და შემდეგ ეს კომპანიებიც გადააგდეს და ბოლომდე, მემგონი, თანხები დღესაც არ აქვთ მიცემული, აქაც მათ წრესთან დაახლოებულ კომპანიას მიაღებინეს მონაწილეობა.
ჯამში, არის 19 მლნ ლარზე, დაახლოებით 20 მლნ ლარზე, – ამბობს ბესიკ დონაძე.
ქეთევან ენუქიძის შეფასებით, კონკრეტული ტენდერის შემთხვევა უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ეკონომიკურ სფეროებზე კონტროლის გაძლიერების პირობებში, ბაზარზე უპირატეს მდგომარეობაში სწორედ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი კომპანიები რჩებიან, მაშინ როდესაც სხვა ბიზნესები კონკურენციას ვეღარ უძლებენ.
ხელისუფლება ცდილობს, რომ აბსოლუტურად ყველა სფერო თვითონ გააკონტროლოს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ბაზარზე რჩებიან მხოლოდ ლოიალური კომპანიები, ხოლო სხვა დანარჩენი კომპანიები, გარკვეული სიფრთხილის გამო, გარკვეული უსაგნობის გამო, როდესაც უკვე თავიანთ ადგილს ვეღარ ხედავენ რაღაც ველზე, ისინი, რა თქმა უნდა, ქრებიან. ბაზარზე რჩებიან და ვითარდებიან ის კომპანიები, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილები და აქედან გამომდინარე, სხვა კომპანიები, უბრალოდ, სადღაც აორთქლდნენ. საბოლოო ჯამში, ცხადია, რომ “ქართულმა ოცნებამ” შექმნა ასეთი სისტემა, – ამბობს ქეთევან ენუქიძე.
წყარო: ტვ პირველი

