როინ ლეონიძე: ”სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟემ სასიკვდილოდ მცემა”

როინ ლეონიძე: ”სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟემ სასიკვდილოდ მცემა”სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე როინ ლეონიძე 2 დღის წინ მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, თურქმა მებაჟეებმა საზღვარზე გადასვლის უფლება არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ინტერპრესნიუსთან” საუბრისას როინ ლეონიძემ განაცხადა, რომ საბაჟოზე გადასვლის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან მებაჟეებმა არ განუმარტეს.

როინ ლეონიძე მომხდარის გამო თურქულ მხარეს კომპენსაციას სთხოვს.
_ თურქეთში მივდიოდი და საზღვარზე პასპორტი რომ მივაწოდე, დამიწერა ისარი, რომელიც უკან დაბრუნებას ნიშნავდა. მებაჟემ პასპორტი დახურა და მომაწოდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ მე უკან უნდა დავბრუნებულიყავი, შესაბამისად, გზა გავაგრძელე. მომიახლოვდა თურქი მებაჟე და დამიწყო ცემა. სასიკვდილოდ მცემდნენ, ძირს დამაგდეს და ფეხებს მირტყამდნენ. განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იქაც სასტიკად მცემეს და ფეხზე რომ ვეღარ ვდგებოდი, საავადმყოფოში გადამიყვანეს.

თავისა და ზურგის არეში მძიმე დაზიანებები მაქვს.

7 აპრილს, 8 საათის განმავლობაში მოთავსებული ვიყავი სამედიცინო დაწესებულებაში. საქართველოს კონსული ორჯერ მოვიდა.

გუშინ ქალაქ ხოფაში პროკურორთან ვიმყოფებოდით, რომელმაც გადახედა ვიდეო მტკიცებულებებს და დაზარალებულად მცნო. როგორც იქ ყოფნისას გავიგე, სამართალდამცავები რომლებიც ფიზიკურად მისწორდებოდნენ, სამსახურიდან გაუშვეს.

სარფის საბაჟოზე ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი, თუმცა ისინი ჩემ უკან მოდიოდნენ და ინცინდენტი მათ არ უნახავთ. მე, აღნიშნული პირების მიმართ განცხადება დავტოვე და ვითხოვ კომპენსაციას, _ აღნიშნა როინ ლეონიძემ.