39 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 42 წლის გიორგი ჯანაშვილის დედა მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მკვლელობის შესახებ პოლიციას მას შემდეგ შეატყობინა, რაც მისმა შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მირანდა ვაჩეიშვილი „შემოაკვდა“.
თამარ ჯანაშვილის მონაყოლის მიხედვით, ბრალდებული პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მისივე ინფორმაციით, დაკავებული მოკლულთან ქორწინებაში არ ყოფილა.
– ჩემს შვილს ველაპარაკე, მითხრა, რომ შემომაკვდაო… მთვრალი იყოო. თვითონ დარეკა და უთხრა ესეთი რამ ჩავიდინე, მოვედით რომ ჩაგბარდეთო. პირადად მე განვაცხადე, რომ ასეთი ინფორმაცია მქონდა. ჩემი შვილი მისი ქმარი არასდროს ყოფილა, – აცხადებს დაკავებულის დედა.
სასტიკი მკვლელობა თბილისში, გლდანის მიკრო რაიონში სამი დღის წინ მოხდა. საქმის მასალების მიხედვით ჯანაშვილმა ახალგაზრდა ქალი ელექტროსადენით გაგუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა.
მოკლულის 19 წლის შვილი და მეგობრები აცხადებენ, რომ ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, რადგან დაკავებული მას სიცოცხლის მოსპობით ხშირად ემუქრებოდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქის ყველა განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. მათ შორის ერთხელ ჯანაშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
– დედას ერთი დღის განმავლობაში ვეძებდით, პოლიციისგან გავიგეთ რომ მოკლეს, არტერიასთან ჭრილობა აღენიშნება. – აცხადებს მოკლულის შვილი ნინო ხოსროშვილი.
მისი თქმით, მირანდა ვაჩეიშვილი ბოლო პერიოდში სახლიდან გასვლას თავს არიდებდა, რადგან ეშინოდა.
– ბავშვისთვის საჭმლის შესაძენად სახლიდან გასვლისაც კი ეშინოდა. მუდმივად შიშის ქვეშ იყო, რადგან ეს ადამიანი (მკვლელობაში ბრალდებული) ბევრ რამეზეა წამსვლელი. თავადაც შევსწრებივარ, როგორ ურტყამდა ორსულ დედას. პოლიციას თითქმის ყველა შემთხვევისას მივმართეთ, თუმცა ამას დიდად შედეგი არ მოჰყოლია ,- აღნიშნა მოკლულის ქალიშვილმა.
მირანდა ვაჩეიშვილის მეგობრები იხსენებენ, რომ 42 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს სახლში მცირეწლოვანები იმყოფებოდნენ.
ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
39 წლის ქალს 4 შვილი დარჩა. არასრულწლოვან და-ძმებს 19 წლის ნინო უვლის.

