6 წლის წინ აქციაზე დაკავებული ვეტერანები 2 000 ევროს კომპენსაციას მიიღებენ

6 წლის წინ აქციაზე დაკავებული ვეტერანები 2 000 ევროს კომპენსაციას მიიღებენთითოეულ ვეტერანს, რომლის მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა, სახელმწიფო 2 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის.

ინფორმაციას 1tv.ge 2011 წლის 3 იანვრის აქციაზე დაკავებულ მალხაზ თოფურიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მალხაზ თოფურიას თქმით, იმ პერიოდში, აქციის დარბევისას, 10 პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, 400-400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მათი მოქმედების ნაბიჯებს, თოფურიას თქმით, 2011 წლის დაკავებულები მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებენ “ნაციონალურ მოძრაობას” და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

– საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის დაწყებული გვქონდა, როდესაც გმირთა მოედანზე, მემორიალთან ერთ დილას სააკაშვილის ესკორტი გაჩერდა და 10 წუთი იდგა. ალბათ, ელოდა, რომ მივიდოდით. ეს არ გავაკეთეთ და ნახევარ საათში კუდ-ი და პოლიცია მოვიდა. დაგვაკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. მაშინ, ამერიკის ელჩის დროულმა გამოხმაურებამ გადაგვარჩინა და მალევე გაგვათავისუფლეს, – განაცხადა თოფურიამ.

6 წლის წინ, ვეტერანთა აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შესახებ, ევროპულმა სასამართლომ განჩინება 4 მაისს გამოიტანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლით დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები, რაც არასათანადო მოპყრობასა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას გულისხმობს.