საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძისთვის არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დეპუტატის ადვოკატი, ქეთი ქვარცხავა ეხმაურება.
როგორც ქვარცხავამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე პარადოქსულია, რადგან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მხარე ინფორმირებული არ იყო.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოდან მათ მიიღეს სამოქალაქო ჭრილში დავა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ განაჩენი სისხლის სამართლის ჭრილშია გამოტანილი, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ადვოკატის განცხადებით, გაერთიანებული საემიროების სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად არის შეიხი, რომელიც წარმოადგენს მთავარ მოსარჩელეს. შესაბამისად, დეპუტატის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვი ეპარება.
– აღნიშნული საქმის შესახებ ტელევიზიის მეშვეობით შევიტყვეთ. არ ვიცოდით, რომ საქმე წარმოებაში იყო. ეს არის პარადოქსული, ვინაიდან გაერთიანებული საემიროების სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად არის ემირი, შეიხი, რომელიც წარმოადგენს საქმეში მთავარ მოსარჩელეს.
იკვეთება კიდევ ერთი უცნაურობა. წინა კვირას მივიღეთ რიგი დოკუმენტები სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარით. დღეს კი ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგა განაჩენი. ამ პარადოქსულ საქმეში აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
მიგვაჩნია, რომ ეს საქმე სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს, საქართველოში მხარეებს შორის არსებობდა დავები, მაგრამ ის საქმე, რაც დღეს გავრცელდა, სამოქალაქო ჭრილშიც კი არ არის საქართველოში დაფიქსირებული. დარწმუნებული ვარ, რაიმე სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ისინი სარჩელს საქართველოში შემოიტანდნენ, თუმცა, რას ალ ხაიმაში უფრო ადვილი იყო მათთვის ამ საქმის წარმოება, – განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.
კითხვაზე, მოხდა თუ არა გელა მიქაძისთვის 17 მილიონი აშშ დოლარის გადმორიცხვა, რომლის მითვისების საქმეშიც არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ქართველი დეპუტატი დამნაშავედ ცნო, ადვოკატი აცხადებს, რომ მას ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან საქმის მასალებს არ გაცნობია.
ინტერპრესნიუსი

