ელისო კილაძემ და ზვიად კუპრავამ გიორგი მღებრიშვილს პროკურატურაში უჩივლეს

ელისო კილაძემ და ზვიად კუპრავამ გიორგი მღებრიშვილს პროკურატურაში უჩივლესგაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ და ”სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ელისო კილაძემ განუცხადა, საქმე ეხება მინისტრის არადეკლარირებულ ქონებას.

– 2016 წლის დეკლარაციაში მინისტრს აქვს ბინა ფოთის ქუჩაზე, რომელიც 2017 წლის დეკლარაციაში არ ფიგურირებს, ასევე არ ფიგურირებს ამ ბინის გაყიდვიდან შემოსული რაიმე თანხა. საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, მინისტრს აქვს ორი მიწის ნაკვეთი.

ერთი მათგანია წავკისში 900 კვ.მ, მეორე მათგანი მდებარეობს დიღომში 1000 კვ.მ. ორივე მიწის ნაკვეთი მინისტრს არადეკლარირებული აქვს. აქედან გამომდინარე, მან დამალა ეს ქონება.

გარდა ამისა, პროკურატურას ვთხოვთ გაარკვიოს იმ თანხის წარმომავლობა, რომლითაც შს მინისტრმა აღნიშნული ორი ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი შეიძინა. როგორც დიღომში, ასევე წავკისში მიწის ნაკვეთების ფასი საკმაოდ ძვირია. მინისტრს დეკლარაციაში სესხი მითითებული არ აქვს, – აღნიშნა ელისო კილაძემ.