„ეროვნული ბანკი ყველაზე კარჩაკეტილი სისტემაა“

„ეროვნული ბანკი ყველაზე კარჩაკეტილი სისტემაა“– დღეს ეროვნულ ბანკს საზოგადოებაში იმდენად დაბალი რეპუტაცია აქვს, რომ მან, პირველ რიგში, საკუთარი და საბანკო სექტორის რეპუტაციის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მათ იმიჯსა და რეპუტაციაზეა დამოკიდებული მთლიანად ქვეყნის საფინანსო სისტემის ბედი, წარმატება.

ჩვენ რომ ვნახოთ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების შედეგები, ეს პირიქით გვაფიქრებინებს, რომ ეროვნული ბანკი განზრახ ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე.

მისი აზრით,  დღეს საბანკო სექტორი თავის ნებაზეა მიშვებული. თავად საბანკო სექტორი განსაზღვრავს ქვეყანაში ლარის კურსის ტენდენციას. რეალურად კი ეროვნულ ბანკს აქვს აბსოლუტურად ყველანაირი ბერკეტი, რათა მოახდინოს საჭირო დროს საჭირო ჩარევა იმისთვის, რომ ლარის კურსი სტაბილური იყოს. ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირებადი მაინც რომ იყოს, რათა მოქალაქეებსა და ინვესტორებს ჰქონდეთ სწორი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა, რა დროს რა რისკი შეიძლება დადგეს მათ წინაშე.

– ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ვართ დამოკიდებული და ასევე – საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს პარლამენტი ეროვნული ბანკის მიმართ – გაამკაცრებს ზედამხედველობას თუ არა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში ეროვნული ბანკი ყველაზე კარჩაკეტილი სისტემაა. ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია, თვითონ მათივე საიტზე დღითიდღე უფრო რთულდება ინფორმაციის მიღება. ეს კიდევ უფრო ხელს გვიწყობს, რომ ის გავაკრიტიკოთ.

ეროვნული ბანკი ცდილობს, ჩაიკეტოს და საზოგადოებისგან შორს დაიჭიროს თავი. ის ცდილობს, კომუნიკაცია ჰქონდეს მხოლოდ ისეთ ექსპერტებთან, რომლებიც მის პოლიტიკას იწონებენ.

რეფინანსირების სესხების საკითხზე მინდა ვთქვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც 2 მილიარდს არის გადაცდენილი. ეს არის ზღვარი, ის პიკი, როდესაც ლარმა ისევ შეიძლება, ნებისმიერ დროს დაიწყოს გაუფასურება, თუ ეროვნული ბანკი მკაცრ და სწორ პოზიციას არ დაიკავებს.

ეროვნულ ბანკს ურჩევნია, ფასების სტაბილურობა შეინარჩუნოს, რაც მას კანონში უწერია, ვიდრე შეინარჩუნოს ლარის კურსი, ვიდრე დაიცვას მომხმარებელთა უფლებები, ვიდრე იზრუნოს ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და განვითარებაზე, – აცხადებს ექსპერტი.

ოტარ ანგურიძის განცხადებით, ბანკს კანონში უწერია, რომ მთელი კონცენტრაცია უნდა მოახდინოს ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ბოლო პერიოდში არც ფასებია სტაბილური. ამიტომ ეროვნულ ბანკს როგორც ბანკების, ისე მთლიანად საფინანსო სექტორის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება მოუწევს.