ლაშა თორდია ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ: “დღეს გავრცელებული ვიდეო ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა”

ლაშა თორდია ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ: "დღეს გავრცელებული ვიდეო ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა"გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ კომენტარს აკეთებს. ის ადასტურებს, რომ ვიდეოში ნამდვილად თვითონ არის, თუმცა დეტალების დაკონკრეტებაზე უარს ამბობს.

– ველოდი მსგავსი ვიდეომასალის გამოქვეყნებას მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მხრიდან გაისმა ბრალდებები, – განაცხადა თორდიამ. მისი თქმით, მაშინ ბარში არავინ დაზარალებულა და არც რაიმე ნივთი დაზიანებულა.

თორდიას თქმით, ეს ვიდეო მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქეს ზეწოლით გაავრცელებინეს.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქსელში გაავრცელა თბილისის ერთ-ერთ ბარში სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეო და ამტკიცებს, რომ მასზე ასახულ კადრებში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ბარის თანამშრომელს იარაღით ემუქრება.

15 მაისს, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა გამოქვეყნდეს 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო, რომ მისი ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულებას გაესვას ხაზი, რაც, მისი თქმით, მისი პიროვნების დისკრედიტაციას ემსახურება, თუმცა აუდიტის სამსახურის უფროსმა არ დააკონკრეტა, რა ხდება 2016 წელს გადაღებულ ვიდეოში.
12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედური დასკვნა 22 მაისს გამოაქვეყნა. ასევე გამოქვეყნდა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებების მოკლე შინაარსიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ლაშა თორდია 16 მაისს დაკითხეს, ოთარ ფარცხალაძე – 17 მაისს. 

imedinews.ge