ლაშა თორდია – ფინანსური პოლიცია, შსს და პროკურატურა მე მებრძვიან

ლაშა თორდია - ფინანსური პოლიცია, შსს და პროკურატურა მე მებრძვიან– დარწმუნებული ვარ, გამოძიება ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებს, რომელიც ჩემ საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, თითქოს მართლა მე თვითონ მივიყენე დაზიანებები.

ასე გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას, რომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა.

ლაშა თორდია ადვოკატების პოზიციას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სამართალდამცავი უწყებები ერთობლივად მუშაობენ.

– აქ მხოლოდ ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს – ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე. ადვოკატები, რომლებიც იცავენ ყოფილ მთავარ პროკურორს, ასეთი მძიმე ბრალდებით, და აცხადებენ, რომ თურმე თვითდაზიანება მივიყენე, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საღ გონებაზე არ არიან.

პოლიცია და მთავარი პროკურატურა მობილიზებულია ოთარ ფარცხალაძის სახლში. მიშა ჩოხელი, რომელმაც მე დამარტყა ხელი და ახლა აღარსად ჩანს, არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი. მთელი ეს სამი სამართალდამცავი ორგანო – ფინანსური პოლიცია, შსს და პროკურატურა ჩემ წინააღმდეგ არიან მობილიზებული, რათა ეს ჩვენებები, რომელსაც მხოლოდ მე ვაძლევ, შემოატრიალონ ჩემს საწინააღმდეგოდ.

დარწმუნებული ვარ, ისინი იღებენ ჩემგან ჩვენებებს და შემდგომ ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებენ, რომელიც ჩემ საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, რომ თურმე მე თვითონ მივიყენე დაზიანებები, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ლაშა თორდიამ.