– საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების პრესტიჟი და მისი ავტორიტეტი არ იყოს შელახული.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული. ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწოდება იყო ის, რომ თუ ექნებოდათ სურვილი იმ ადამიანებს, ვინც ჩართულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებში, ვისაც ზოგადად აინტერესებს ეს თემა, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ მასმედია, ყოფილიყო შეკრება ამასთან დაკავშირებით და გვემსჯელა, – განუცხადა “ახალი თაობას” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
როგორც ლევან მურუსიძე აცხადებს, შეიძლება მოსამართლეს მიაყენო შეურაცხყოფა და მან სარჩელით მიმართოს სასამართლოს, რომელიც ალბათ ერთი წლის ვადაში გაიწელება. მუდმივად არასწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და პირდაპირ ლანძღვა-გინების ტირაჟირება, ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ავტორიტეტს. მოსამართლეს რომ ნაძირალას უწოდებ, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება?!
“ახალი თაობის” კითხვაზე რას სთავაზობდით დაინტერესებულ პირებს, რა სახის შეზღუდვებზე იყო საუბარი? – მურუსიძე პასუხობს:
– ჩვენ არანაირ შეზღუდვებს არ ვაწესებთ. ჩვენ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობდით, რომ მრგვალი მაგიდა შეკრებილიყო და გვესაუბრა აღნიშნულ საკითხებზე. ამ ყველაფერს რატომღაც მისცეს სულ სხვაგვარი ინტერპრეტაცია, რომ ჩვენ ვითხოვთ ვიღაცის დასჯას, ვზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.
მეტსაც გეტყვით, რეალურად ეს იყო ისეთი ისტერიკა, რომ გაკვირვებულიც კი დავრჩი, რატომ მოხდა ასე და ეს ხომ არ იყო ხელოვნური ხასიათის. გამოხატვის თავისუფლების დაცვის უფლება მაქსიმალურად გარანტირებული უნდა იყოს, მაგრამ არსებობს სხვა ფასეულობებიც და რადგან მე იუსტიციის საბჭოს მდივანი ვარ, ჩემთვის დიდი ფასეულობაა მართლმსაჯულების ავტორიტეტი და მისი პატივისცემა. სწორედ ამისთვის ვთავაზობდით შეკრებას და ამ თემებზე საუბარს. თუმცა როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამას, ყველამ ვნახეთ.
მისი აზრით, არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც სანქციების გამკაცრება მომხდარიყო.
– ჩვენ გვინდოდა, რომ ამ თემაზე თავად მასმედიასთანაც გვესაუბრა. დავუშვათ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, მათ შორის ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით, როდესაც მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, არ შეიძლება ტელევიზიას ინტერაქტივი გამოჰქონდეს.
ეს გააკეთა ერთ-ერთმა ტელევიზიამ, აღარ დავასახელებ, რომელმა. გადაცემის მსვლელობისას ინტერაქტივი გამოიტანა: – როგორ ფიქრობთ, მოცემული პიროვნება არის დამნაშავე თუ არ არის დამნაშავე? მე მინდოდა ამეხსნა მათთვის, რომ როდესაც მიმდინარეობს სასამართლო სხდომა და როდესაც საქმეს იხილავენ ნაფიცი მსაჯულები, არ შეიძლება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. ეს პროცესს დააზიანებს. ნაფიც მსაჯულებზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენს და ეს შესაძლოა მათ გადაწყვეტილებაზე აისახოს, ვერდიქტი იყოს არასწორი.
მსგავს საკითხებზე გვინდოდა საუბარი. ეს კი არაფრით არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს სარედაქციო პოლიტიკაში ვერევით ან სანქციებს ვაწესებთ.
დღეს რომ არის სასამართლო დამოუკიდებელი, ასეთი არ ყოფილა არასოდეს და ასეთი კრიტიკა არასოდეს მახსოვს. გული დამწყდა, როდესაც სახალხო დამცველი გამოვიდა და განაცხადა, ეს ინიციატივა არასერიოზულიაო. სახალხო დამცველის ათეულობით წინადადება შემოდის ჩვენთან, იქიდან აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ მე არასოდეს მიკადრებია, რომ მისი წინადადებებისთვის არასერიოზული მეწოდებინა. სახალხო დამცველს რომ შევხვდები, ვეტყვი, რომ ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემა გამოვხატოთ, – განუცხადა “ახალ თაობას” ლევან მურუსიძემ.

