„მამა გიორგის საქმეში პროკურატურა შანტაჟზე გადავიდა“

„მამა გიორგის საქმეში პროკურატურა შანტაჟზე გადავიდა“19 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე უცნაური ამბავი მოხდა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომა დატოვა. მან თავის ადვოკატებს სთხოვა, იგივე გაეკეთებინათ.

სხდომა ადვოკატებმაც დატოვეს. ამის შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ ადვოკატები გაძევებულ იქნენ დარბაზიდან, რის გამოც შემდეგი სხდომიდან ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

ამ განჩინების გასაჩივრებას ადვოკატები დღეს აპირებენ. რატომ იყო ეს განჩინება უკანონო და რატომ დაივიწყა მოსამართლემ დეკანოზის მეოთხე ადვოკატი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მიხეილ რამიშვილი ესაუბრება.

მიხეილ რამიშვილი:

– მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გამოძევებულად ჩაგვთვალა. სასამართლოს სხდომა მამაოს მოთხოვნით დავტოვეთ და საინტერესოა, რატომ ვითვლებით გაძევებულებად. თუ სხდომაზე ვიყავით, მაშინ რატომ გამოგვაძევა?! ჩვენ წესრიგი არ დაგვირღვევია.

როცა მოსამართლეს ასეთი განკარგულება გამოაქვს, მან უნდა გააფრთხილოს ადვოკატი. ჩვენ არავის გავუფრთხილებივართ. განკარგულებაში არც ის არის მითითებული, რა დავარღვიეთ. იქ მხოლოდ წერია, რომ წესრიგი დავარღვიეთ. რა დავარღვიეთ, ამაზე ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი. ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ.

გარდა ამისა, წესრიგი თუ დავარღვიეთ, მოსამართლეს თავისუფლად შეეძლო, დავეჯარიმებინეთ, მაგრამ მან გაძევებულებად ჩაგვთვალა. ალბათ, ესეც იყო მათი მიზანი.

– მოსამართლის განჩინებით, მამა გიორგის სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ამაზე რას იტყვით?

– ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ მამაოს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ჩვენ მოსამართლის განკარგულებას გავასაჩივრებთ და, ესეც რომ არ იყოს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დეკანოზს, ჩვენ გარდა, კიდევ ერთი ადვოკატი, ეკატერინე ლომიძე ჰყავს. ის წინასასამართლო სხდომასაც ესწრებოდა. მოსამართლე, ეტყობა, საქმეში კარგად არ არის ჩახედული და ორდერიც არ უნახავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უნდა სცოდნოდა, რომ მამაოს კიდევ ერთი ადვოკატი იცავს, რომელიც იმ დღეს სხდომაზე არ იმყოფებოდა.

– რატომ არ დაესწრო სასამართლოს მეოთხე ადვოკატი?

– ქალბატონ ეკატერინეს ოპერაცია აქვს ახალი გაკეთებული და სასამართლოზე საპატიო მიზეზით ვერ მოვიდა. მეოთხე ადვოკატის არსებობას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ აქედანაც ნათლად ჩანს, რა დამოკიდებულებაა საქმის მიმართ.

ამის გარდა, მოსამართლის მხრიდან ადგილი აქვს კანონდარღვევას. ადამიანს ჰყავს მეოთხე ადვოკატი და შენ სახაზინოს უნიშნავ.

– მამა გიორგი დათანხმდება სახაზინო ადვოკატს?

– გამორიცხულია. რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ის ისევ კერძო ადვოკატს დაიქირავებს. მე დღემდე ვრჩები მის ადვოკატად და ვაგრძელებ მის დაცვას.

– პროკურატურა ამბობს, რომ ადვოკატები დროის გაჭიანურებას ცდილობთ და სხდომის დატოვებასაც ამის გამოვლინებად თვლის.

– ჩვენ სხდომა მამა გიორგის თხოვნით დავტოვეთ. მამა გიორგიმ პროტესტი იმის გამო გამოხატა, რომ სასამართლო დაცვის მხარის შუამდგომლობებს არ ითვალისწინებდა, პროკურატურას კი ყველა მოთხოვნას უკმაყოფილებდა. ასე იყო წინასასამართლო სხდომებზეც. ასე გაგრძელდა 19 მაისსაც და მამაომ პროტესტი გამოხატა.

პროკურატურის მოთხოვნების გათვალისწინება არის მიზანმიმართული ქმედება. არც ისაა შემთხვევითი, პროკურატურა შანტაჟზე რომ გადავიდა.

– შანტაჟში რას გულისხმობთ?

– პროკურატურამ თქვა, რომ მტკიცებულებებში არსებობს ინტიმური სახის მასალები და თურმე ამის გამო ითხოვენ სასამართლოს დახურვას. პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართოს. არანაირი ინტიმური სახის მასალა მაგათ არა აქვთ. ამის გარდა, მამაო ამბობს, რომ მას დასამალი არაფერი აქვს. აქედან გამომდინარე, ის ღია სხდომას ითხოვს. მან სწორედ ამიტომ თქვა უარი, რომ სახელმწიფოს მისი ოჯახის წევრები დაეცვა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანზე 24-საათიანი თვალთვალი ჰქონდათ დაწესებული და დღემდე ვერ დაადგინეს, ვისგან შეიძინა მამაომ ციანიდი. არც სხვა არგუმენტები უვარგათ. ამიტომ უნდათ, რომ სხდომები სრულად იყოს დახურული. თუ მართლა არსებობს მესამე პირების პირადი ინფორმაცია, მაშინ ნაწილობრივ დახურვა მოეთხოვათ და ნაწილობრივ დახურულიყო და არა – მთლიანად.