მამუკა ახვლედიანი თეა წულუკიანს, მამუკა მდინარაძეს, არჩილ თალაკვაძეს და ზვიად ძიძიგურს სასამართლოში უჩივის

მამუკა ახვლედიანი თეა წულუკიანს, მამუკა მდინარაძეს, არჩილ თალაკვაძეს და ზვიად ძიძიგურს სასამართლოში უჩივისთბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იმ პოლიტიკოსებს უჩივის, რომლებმაც მის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთეს და ბრალდებები წაუყენეს.
როგორც ახვლედიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სარჩელს სასამართლოში ხვალ 12:00 საათზე შეიტანს.

თბილისის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, საქმე ეხება იმ განცხადებებს, რომლებიც, მისი აზრით, ცილისმწამებლურია და ეხებოდა როგორც მის საქმიანობას, ასევე ქონებრივ მდგომარეობას.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მისი სარჩელის მოპასუხეები ძირითადად პოლიტიკოსები, მათ შორის უმრავლესობის დეპუტატები მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ზვიად ძიძიგური, ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნებიან.
_ ვთვლი, რომ სამართლებრივ დავას აზრი არ აქვს, მაგრამ არ ვტოვებ ამას რეაგირების გარეშე. გარკვეული პერიოდი ველოდებოდი, რამდენი ადამიანი იქნებოდა კიდევ მომხრე ამ საკითხების და ახლა უკვე სარჩელი შევადგინე. რომ მსჯელობენ მოსამართლის პატივსა და ღირსებაზე, ახლა გამოჩნდება, საზოგადოებისთვის რამდენად ობიექტური იქნება სასამართლო. მოვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას და თანხა იქნება იმ ოდენობის, რაც სასამართლოებში პრაქტიკის სახითაა დანერგილი, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.