კონკურსი „მის მკერდი“ ყოველთვის სკანდალების ეპიცენტრშია. გამონაკლისი არც წელს აღმოჩნდა. რატომ უჩივის სასამართლოში „მის მკერდის“ ორგანიზატორი რუსთავი 2-ის ორ პროექტს? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ახალ თაობას“ ნინო ადამაშვილი ესაუბრება.
ნინო ადამაშვილი:
– მოდელმა ანა გოგიბერიძემ ჩვენი კონკურსი „მის მკერდი“ ფინალამდე ერთი თვით ადრე დატოვა. მიზეზი მამამისი იყო, რომელიც სასულიერო პირია და მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შვილის ასეთი ტიპის კონკურსში მონაწილეობის მიღება. მოგეხსენებათ, ამ კონკურსს თამამი ფორმატი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ანა გოგიბერიძემ კონკურსი დროზე ადრე დატოვა, ამ საკითხს ადამიანურად მოვეკიდე და მას ჯარიმა არ გადავახდევინე. აღმოჩნდა, რომ ამ გოგონამ მუშაობა რუსთავი 2-ში დაიწყო. სწორედ ის დამიკავშირდა „იქს ფაქტორიდან“. ამ გოგონას „იქს ფაქტორის“ პროდიუსერმა ჩემთან დაკავშირება სთხოვა. მათ ასეთი რამ შემომთავაზეს: ჩვენი შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულს, „მის ინტელექტ 2016“-ს, ეკატერინე ხვედელიძეს ემღერა და სცენაზე მოდელი გოგონები გასულიყვნენ. მთხოვეს, იქ წლევანდელი მონაწილეებიც მიმეყვანა. ჩემი რეაქცია ძალიან მწვავე იყო.
ეკატერინე ხვედელიძე ვერ მღერის, მას სმენა არ აქვს. როგორც მოდელი, კარგი გოგონაა, თუმცა, როგორც მომღერალი, არის ნული. აქედან გამომდინარე, მაშინვე მივხვდი, რომ ეკატერინეს გამოსვლა „იქს ფაქტორში“ სჭირდებოდათ მხოლოდ `პრიკოლებისთვის~ და სწორედ ამიტომ ვთქვი სასტიკი უარი. მე მათ ვუთხარი, არ ვუშვებ წლევანდელ კონკურსანტებს და თქვენც გეკრძალებათ მონაწილეობის მიღება-მეთქი.
– ეს აკრძალვა მხოლოდ სიტყვიერი იყო თუ ხელშეკრულებაშიც ეწერა?
– სიტყვიერი აკრძალვა იყო, რადგან ხელშეკრულებაში მსგავსი პუნქტი არ გვაქვს. თუმცა, ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, 2017 წლის ხელშეკრულებაში უკვე შევიტანეთ ეს პუნქტი, რომ ორგანიზატორებთან და ჩემთან შეთანხმების გარეშე ვერცერთ სატელევიზო თუ სოციალურ პროექტში კონკურსის სახელით ვერავინ მიიღებს მონაწილეობას.
„მის დეკოლტე 2016“, ნინო ჭელიძის გარდა, რომელიც ნამდვილად ჩვენი გამარჯვებულია, კიდევ ორი ცრუ კონკურსანტი იყო. ერთი გახლდათ ანა გოგიბერიძე, რომელსაც ვიცნობ და ფინალზე საერთოდ არ მოსულა, არც არანაირი ნომინაცია აუღია. ანა გოგიბერიძე სცენაზე გამოვიდა ტიტულით „მის სექსუალურობა 2016“ რაც აბსურდია.
მოდელ ინგა ვასაძეს კი არ ვიცნობ. მაქვს ინფორმაცია, რომ იქ გამომსვლელ თითო კონკურსანტს 100 დოლარი გადაუხადეს. თუმცა, ამის დადასტურება არ შემიძლია. თანხა აიღეს თუ არა, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, არცერთ მათგანს ჩემი სახელით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა.
მათ ფეისბუქის გვერდის მეშვეობით დააანონსეს, რომ „იღბლიან ბორბალში“ იყვნენ მიწვეულები. ეს ანონსი რომ ვნახე, ამაზე უარესად გავბრაზდი. ანი გოგიბერიძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მაქვს, რომელშიც მას ვეუბნები, რომ ასეთ პროექტში ჩემი კონკურსის სახელით რომ გამოსულიყვნენ, არ მინდოდა.
გადაცემის პროდიუსერს როცა ვესაუბრე, მითხრა, თუ თვითონ ეს გოგონები არ იტყვიან, რომ ისინი ამ კონკურსის მონაწილეები არიან, ჩვენ არ ვახსენებთო. პროდიუსერმა ეს პირობა დაარღვია მაშინ, როცა გადაცემის ანონსი გავიდა. ანონსში თქვეს, რომ „მის მკერდის“ გოგონები გამოდიოდნენ, არადა, მათგან მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძე იყო ჩვენი კონკურსის მონაწილე, დანარჩენები კი ყალბი კონკურსანტები იყვნენ.
გოგონების სცენაზე გამოსვლისას წამყვანებისგან ასეთი ტიპის ფრაზები ისმოდა _ „ინტელექტუალური ძუძუები“, „ძუძუებს გირტყამთ თავში“ (რუსკა მაყაშვილი). ჩვენ შთავაგონებთ გოგონებს, რომ იყვნენ ფუმფულები და ისეთები გამოვიდნენ სცენაზე, როგორებიც არიან. სულაც არ არის საჭირო, იშიმშილონ.
ბრიფინგი გვქონდა, გვინდოდა, 24 საათის განმავლობაში პროექტის პროდიუსერებს მოეხადათ ბოდიში და არა რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას. თუმცა ბოდიში არავის მოუხდია. ახლა უკვე ჩვენი ადვოკატი დაიწყებს საქმის წარმოებას. სარჩელს სასამართლოში აუცილებლად შევიტანთ.
——————–
„ახალი თაობა“ „იქს ფაქტორის“ მონაწილე ეკატერინე ხვედელიძესაც დაუკავშირდა.
– სინამდვილეში რა მოხდა?
– რა უნდა მომხდარი, არაფერი. ჩვეულებრივი შოუ გავაკეთეთ და გავიტანეთ “იქს ფაქტორში”.
– როგორც ნინო ადამაშვილი ამბობს, თქვენთან 2 გოგონა იყო, რომლებმაც „მის შარმის” და “მის სექსუალურობის” ტიტულები მიითვისეს, ერთმა „მის მკერდის” კონკურსი ფინალამდე დატოვა და მეორეს საერთოდ არ იცნობს.
– იყო ერთ-ერთი გოგონა, ინგა ვასაძე, რომელსაც “მის მკერდის” კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია და “იქს ფაქტორშიც” არავის უხსენებია, რომ “მის შარმი” ნინო ადამაშვილის კონკურსი “მის შარმი” იყო. არ იყო ეს დასახელებული. ამიტომ ადამაშვილი ტყუილად ნერვიულობს ამ თემაზე.
– ნინო ადამაშვილი ამბობს, რომ ვერ მღერით. მართალია?
– ნინო ადამაშვილმა საერთოდ არ იცის მე ვმღეროდი, ვმღერი თუ საერთოდ როგორი ხმა მაქვს. ვმღეროდი ძალიან ბევრგან. “იქს ფაქტორთან” ინტერვიუს დროს ვთქვი, რომ 10 წელია თითქმის არ მიმღერია, დღეს არ ვიცი, ვცდი-მეთქი. მე ვფიქრობ, ძალიან დადებითი და პოზიტიური შოუ გავაკეთეთ. ძალიან მომეწონა. ვერ ვმღერი _ არ არის ეს სიმართლე, რადგან მე ვმღერი ბავშვობიდან, ბაღის მასწავლებელმა თავად შემიყვანა მუსიკალურში. უბრალოდ, გაციებული ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო, რადგან გაციების გამო ხმა ჩამიწყდა.

