ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე, საბილიარდოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით 3 ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოზურგეთში პოლიციის განყოფილების მიმდებარედ არსებულ საბილიარდოში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის დროს პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის, ბილიარდის თამაშის დროს მოხდა. აღნიშნულს უარყოფს სამართალდამცავი უწყება, სადაც აცხადებენ, რომ ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის ინცინდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლები ხმაურის გამო საბილიარდოში შევიდნენ.

