თბილისში, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც გამზირზე 3 თვით შეზღუდვები დაწესდება. გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები, საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება, – თემის დეტალებით გადაცემაში “საქმის კურსი” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი საუბრობს.
– ბატონო გივი, რა პერიოდში გადაიკეტება პეკინის გამზირი და რამდენ ეტაპად განხორციელდება სამუშაოები?
– უპირველესად აღვნიშნავ, რომ პეკინის ქუჩა არ გადაიკეტება, უბრალოდ შეზღუდვები იქნება. ჯერ მარცხენა სავალი გზის შეზღუდვები მოხდება, ხოლო რაც შეეხება პეკინის ქუჩაზე მისასვლელ ყველა გზას, – თავისუფალი იქნება და მოძრაობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. სამუშაოებს რაც შეეხება, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც არანაირი კომუნიკაციების ქსელები და საერთოდ გზის საფარიც კი არ მოწესრიგებულა პეკინის ქუჩაზე. ჩვენთან ერთად ყველა საკომუნიკაციო კომპანია იმუშავებს, – როგორც GWP, ასევე “ყაზტრანსგაზი”, “თელასი” და ინტერნეტ-კომპანიები. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით აგვისტოს ბოლოსთვის ყველანაირი სამუშაო დასრულებული იქნება, ხოლო დაწყებას სკოლებში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ და ეს ალბათ 7-დან 15 ივნისამდე პერიოდში იქნება. პეკინის ქუჩაზე ახალი მოდიფიცირებული ასფალტი მოეწყობა, რომელიც ასევე გზის სიცოცხლისუნარიანობას შეუწყობს ხელს.
– პეკინის ქუჩაზე ავტობუსების ზოლის მოწყობაც დაგეგმილია, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიებთან თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები?
– ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანია იმუშავებს პეკინის გამზირზე. გარდა სავალი ნაწილისა, სრულად მოვაწესრიგებთ ტროტუარებს, სადაც ასევე ავტობუსების ზოლები გაკეთდება და პეკინის გამზირი ახალი სახით გვექნება წარმოდგენილი. რაც შეეხება პროცესს, თუ როგორი იქნება მოძრაობა, აღნიშნულის პრეზენტაციას ჩვენ ძალიან მალე, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გავაკეთებთ.
რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გვქონდა საპატრულო პოლიციასთან და კიდევ აღვნიშნავ, რომ არცერთი ქუჩა არ გადაიკეტება, არამედ შეზღუდვები იქნება დაწესებული.
– რა ბიუჯეტია სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი?
– აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონიდან 2.200 ათას ლარამდე იქნება.
bm.ge

