ფოტოგრაფების საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაიკითხება.
ამის შესახებ დაზარალებულად ცნობილმა ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ზეწოლის შედეგად აიძულებდნენ ახალი ადვოკატის მირდატ ქამადაძის აყვანას.
– დამავალეს, რომ ძმაკაცურად უნდა დამერეკა მირდატ ქამადაძისთვის და მეთხოვა ჩემი ადვოკატი ყოფილიყო. მითხრეს, რომ სასამართლოში ის წამიყვანდა და საპროცესოთიც გამომიყვანდა, – განაცხადა გია აბდალაძემ.
მისი თქმით, ეკა ბესელიამ როდესაც გაიგო, რომ აბდალაძე საპროცესოს იძულებით თანხმდებოდა, მას გაფრთხილება მისცა.
– ეკას ვუთხარი, რომ სხვა გზა არ მაქვს, თვალწინ პატიმრებით გაუპატიურებით მემუქრებიან და საპროცესოს უნდა დავთანხმდეთქო. მაშინ ეკა მითხრა, არ არიან სანდოები და ეს არ გააკეთოო. იძულებული ვიყავი ეს მექნა. ბესელიამ მაშინ დადო დასკვნა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემ ჩვენებას და ჩემ აღიარებას. ეს დასკვნა ახალ გამოძიებას მნიშვნელოვნად წაადგა, – განაცხადა გია აბდალაძემ.
ფოტორეპორტიორების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ნათია და ირაკლი გედენიძეები, ასევე ზურაბ ქურციკიძე უკვე დაიკითხნენ.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს დააკავა. საუბარია 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის – ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და გია აბდალაძის დაკავების საქმეზე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

