პროკურატურამ ფარცხალაძეზე აუდიტის მასალები გამოითხოვა

პროკურატურამ ფარცხალაძეზე აუდიტის მასალები გამოითხოვამთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მასალები გამოითხოვა.

მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც ეხება 2016 წლის პერიოდში თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას. გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ არაერთხელ განაცხადა, რომ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასალები არ გასაჯაროვა და რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს არ გადაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი მასალები დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს სამართალდამცავ ორგანოებს, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოითხოვოს მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის. წერილი აუდიტის სამსახურს დღეს გადაეგზავნა.

აუდიტის სამსახურის დასკვნა დღეს უნდა გასაჯაროვდეს. უწყების ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განმარტებით, დოკუმენტში საუბარია თბილისის მერიაში მიწების ჩანაცვლება-აუქციონების პირობებზე, რაზეც კითხვის ნიშნები გაჩნდა.

– რისკის შემცველია ის გარემოებები, რაზეც ვისაუბრებთ. კერძოდ, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. ვფიქრობთ, აუცილებელია, ფაქტები სამართალდამცავმა უწყებამ შეისწავლოს, – აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” 12 მაისს ინციდენტი მოხდა.

ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ლაშა თორდია 16 მაისს დაკითხეს, ოთარ ფარცხალაძე – 17 მაისს.