პროკურატურაში ფარცხალაძე დაკითხეს – ადვოკატი მოსიაშვილი გამოძიების შეწყვეტას ითხოვს

პროკურატურაში ფარცხალაძე დაკითხეს - ადვოკატი მოსიაშვილი გამოძიების შეწყვეტას ითხოვსპროკურატურაში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა დასრულდა, ის სამართალდამცავებმა კლუბ ელ ცენტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძეს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა თავად ფარცხალაძე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

მისი განცხადებით, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მისთვის მიწების გადაცემის სავარაუდო ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში მიწების გადაცემასთან დაკავშირებით არანაირი კომპენსაცია არ მიუღია.

ოთარ ფარცხალაძის მიერ ქვეყნის მოსალოდნელ დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მისმა ადვოკატმაც და აღნიშნა, რომ ფარცხალაძე არსად წასვლას არ აპირებს.

გაგი მოსიაშვილის თქმით, ფარცხალაძე-თორდიას საქმეში არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ დასტურდება, რის გამოც, მისი პირადი შეხედულებით, გამოძიება უნდა შეწყდეს. ფარცხალაძის დაცვის მხარე ასევე ელოდება იმ დაწესებულებებიდან კადრებს, სადაც დაპირისპირება მოხდა.

– ჩემ მიერ მოძიებული მასალებით, გამოძიების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს. ჩემი სუბიექტურია აზრია, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს, ვინაიდან არ იკვეთება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ნიუპოსტი